საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დინამოს დამარცხებით ქუთაისმა ლიდერობა გაიმყარა

დინამოს დამარცხებით ქუთაისმა ლიდერობა გაიმყარა

ტურისა და მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს პირველადგილოსანი “ქუთაისი” და მეორეზე მყოფი “დინამო” დაუპირისპირდნენ. სუპერლიგის ლიდერების შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. გაიმარჯვა იმერულმა კლუბმა, რომელმაც მდევარ დინამოსთან სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა.

“ქუთაისს” აკლდა ტრავმირებული ამერიკელი ლეგიონერი დეჟუან რაიტი, ხოლო “დინამოში” დებიუტი ჰქონდა ამერიკელ რეივენ ლის. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველი პერიოდის 2 ქულით მოგების შემდეგ, მეორე მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდი შესვენებისთვის 44:36 გალიდერდნენ.

მესამე პერიოდის შუაწელში დინამოელთა ყველაზე დიდი ლიდერობა დაფიქირდა. მასპინძლები 12 ქულით – 56:44 დაწინაურდნენ, რასაც მოჰყვა ქუთაისელთა აფეთქება. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა 5-წუთიანი მონაკვეთი 14:3 მოიგო და 60:59 დაწინაურდა. დინამოელები პერიოდის ბოლომდე მაინც ლიდერებად მივიდნენ – 64:60, თუმცა დასკვნით მეოთხედში ყველაფერი ქუთაისელთა სასარგებლოდ გადაწყდა. სტუმართა სნაიპერმა, გიორგი ბარბაქაძემ 2 წუთში 3 სამქულიანი ჩააგდო, რასაც ჯონათან ლის სწრაფი და შედეგიანი გარღვევები ერთვოდა და შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქუთაისელები 9 ქულით – 77:68 დაწინაურდნენ.

დარჩენილ დროში დინამოელები მაქსიმალურად ეცადნენ, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქუთაისელებმა ზედმეტი გართულების გარეშე  მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე (85:79), რაშიც ლომის წილი ორმა კალათბურთელმა – გიორგი ბარბაქაძემ (28 ქულა) და ჯონათან ლიმ (25) დაიდო. აკაკი დვალიშვილმა მატჩი 12-12 ქულა-მოხსნით დაასრულა. დინამოელთაგან 26 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი, ხოლო ლაველ ბოიდმა 16 ქულა მოაგროვა.  

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„სამწუხაროა, რომ წავაგეთ, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მატჩი. მესამე მეოთხედში მთლიანად ჩავაგდეთ თამაში, დავუშვით ბევრი შეცდომა, შეიძლება ითქას, ამანაც განაპირობა ეს შედეგი. თუმცა, გვყავს ახალი მოთამაშეები და ვფიქრობ, ჩვენ ამ შემადგენლობით შეგვიძლია უკეთესად თამაში. „ქუთაისს“ კი ვულოცავ გამარჯვებას.“

კოტე ტუღუში – „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:

„ეს ის მომენტია, როდესაც მე მართლა ვამაყობ, რომ „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი გახლავართ. დღეს ჩვენმა ბიჭებმა მართლაც შესაშური შემართება გამოიჩინეს. მიუხედავად რამდენიმე მოთამაშის არყოფნისა, მათ თავი არ დაზოგეს და ბოლომდე იბრძოდნენ, ალბათ, სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ ჩვენი ძალიან სერიოზული მეტოქე. „დინამო“ დღეს გაძლიერებული შემადგენლობით იყო და მე ბედნიერი ვარ, რომ თბილისში მოვახერხეთ მისი დამარცხება.“

დინამო – ქუთაისი
სტატისტიკა: 79:85