სტატისტიკა
გალერეა
სუპერლიგის მე-8
ტური დიდსხვაობიანი მატჩით დასრულდა. ჩემპიონატის ლიდერმა “დინამომ” ერთ-ერთი
აუტსაიდერი “ოლიმპი” 44 ქულით გაანადგურა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა ოლიმპელები
არ დაინდო და 104:60 დაამარცხა.
როგორც ანგარიშიდან
ჩანს, დინამოელებს “ოლიმპთან” არ გასჭირვებიათ. ან როგორ გაუჭირდებოდათ,
როცა ხოშტარიას გუნდი დაუმარცხებელია, ოლიმპელებს კი მიმდინარე სეზონში ერთადერთი გამარჯვება
აქვთ მოპოვებული. პირველი მეოთხედი ფავორიტმა 12 ქულით მოიგო, დიდი შესვენების შემდეგ
კი საკუთარი უპირატესობა 22 ქულამდე გაზარდა.
მატჩში გამარჯვებულის
ვინაობის გარკვევა საჭირო აღარ იყო, “დინამომ” შეხვედრის ბედი ნაადრევად
გადაწყვიტა და მეორე ტაიმში ლაღი კალათბურთი გაჩაღდა. ეს უფრო დინამოელებზე ითქმის,
რომლებმაც ბოლო მეოთხედში კიდევ ერთი მძიმე დარტყმა აგემეს “ოლიმპს” და პერიოდის
32:7 მოგების შემდეგ ამ უკანასკნელს გამანადგურებელი მარცხი აგემა.
დინამოელთაგან
10-ქულიანი ბარიერი 6-მა კალათბურთელმა დაძლია, რომელთაგან საუკეთესო შედეგი – 22 ქულა
და 12 მოხსნა – ქიან კარტერმა დააფიქსირა. ორმაგი დუბლი კიდევ ორმა კალათბურთელმა გაიფორმა:
სტივენ მილოშევიჩმა თავი 16 ქულას და 13 მოხსნაც მოუყარა, ხოლო გიორგი გამყრელიემ პირად
ანგარიშზე 14 ქულა და 10 პასი ჩაიწერა.”ოლიმპში” 15-15 ქულა მოაგროვეს ირაკლი
გულისაბედაშვილმა და გიორგი ხანიაშვილმა.
“დინამოს”
7 მატჩიდან 7 გამარჯვება აქვს და უკვე გადაწყვეტილია, რომ პირველ წრეს ცხრილის სათავეში
დაასრულებს. პირველი წრის ბოლო ტური 13 და 14 დეკემბერს გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): შედეგი კარგი და სასიხარულოა, რომ წაუგებელ სერიას ვაგრძელებთ. დღეს ფავორიტებად ვითვლებოდით და ალბათ შედეგიც ლოგიკური იყო. არ ველოდი თუ მეტოქე ზონას ითამაშებდა, ვაკვირდები მოწინააღმდეგეს და საერთოდ ზონას არ თამაშობს ხოლმე. ვიცოდი, რომ მათი შანსი სწრაფი შეტევები იქნებოდა. ამან შედეგი გამოიღო და გადავწყვიტე გამეძლიერებინა შემადგენლობა. მიუხედავად მეტოქის პატივისცემისა, დღეს მინდოდა, მომავალი შეხვედრისთვის მოვმზადებულიყავით.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,დინამო’’ ჩემპიონატის მთვარი ფავორიტია და მათ წინააღმდეგ შანსები არ გვქონია. ძალიან კარგია, რომ მთელი ძალით გვეთამაშა და მადლობას ვეტყვი ამისთვის. ახალგაზრდებმა გაიგეს, რას ნიშნავს ძლიერ მეტოქესთან თამაში. ჩვენც ჩვენი ამოცანები გვაქვს გადასწყვეტი, პლეი ოფში გასასვლელად ვიბრძვით. მომდევნო მატჩი ორივე გუნდს უშუალო კონკურენტებთან გვაქვს და დღევანდელი თამაში კარგი გაკვეეთილი იქნება.
ზვიად ანთაძე(,,დინამო’’): ბოლომდე დავიხარჯეთ და მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ. რაც შეეხება მეტოქეს, ,,ოლიმპი’’ ახალგაზრდა გუნდია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.
გიორგი ხანიაშვილი(,,ოლიმპი’’): ვულოცავ მოწინააღმდეგეს მოგებას. როგორც შეგვეძლო ვითამაშეთ და მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ჩვენი უშუალო კონკურენტი რუსთავია და მათ წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით.