სტატისტიკა
გალერეა „დინამო თბილისი“ მიმდინარე სუპერლიგაში დაუმარცხებელია
და თამაშს კიდევ უფრო ხვეწს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა მორიგი ტურის
შეხვედრაში „რუსთავს“ ისე სძლიეს, დიდი ჯაფა არ დასდგომიათ. არადა, რუსთაველებს ჩემპიონატში
მხოლოდ ერთი დამარცხება ჰქონდათ და ცხადია, დღევანდელ მატჩშიც მოგებას ეშურებოდნენ.
დაძაბული მხოლოდ მატჩის საწყისი პერიოდი გამოდგა, რომელიც
დინამოელებმა 1 ქულით- 17:16 მოიგეს. მცირე შესვენების შემდეგ „დინამომ“ თამაშზე სრული
კონტროლი დაამყარა და მეორე პერიოდის 27:6 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 22-ქულიანი
ლიდერობით გავიდა – 44:22. რუსთაველთა მწვრთნელთა შტაბი მსაჯობით უკმაყოფილო იყო, რადგან
ჩათვალეს, რომ რიგ ეპიზოდებში არბიტრებმა მათი გუნდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება
არაობიექტურად მიიღეს.
ზოგადად, ეს სხვაობა გაუბათილებელი არაა და ხშირად ყოფილა,
ამაზე დიდი სხვაობა გაცილებით მცირე დროში აღმოფხვრილა, თუმცა ამის რესურსი რუსთაველებს
არ აღმოაჩნდათ. თუკი რამის შეცვლა რეალურად
შეეძლოთ, ქვემოქართლელებს მესამე პერიოდში უნდა ეყოჩაღათ, თუმცა აღნიშნული მეოთხედი
„დინამომ“ მოიგო და მატჩის ბედიც გაირკვა.
დინამოელებმა ყველა პოზიციაზე შედეგიანად ითამაშეს და
გამარჯვებაც გუნდური თამაშის დამსახურებაა.
გამარჯვებულთაგან
5 კალათბურთელი ასცდა 0-ქულიან ბარიერს, რომელთაგან 16 ქულით საუკეთესო ილია ლონდარიძე
გახლდათ. 14 ქულა მიითვალა გიორგი რევაზაშვილმა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – გოგოძემ,
ბერიშვილმა დ ვონმა 11-11 ქულა დააგროვეს. „რუსთავში“ 10-ქულიანი ბარიერი გიგი გოგობერიშვილმა
დაძლია, რომელმაც შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
მე-6 ტურის ბოლო
შეხვედრაში ერთმანეთს “ოლიმპი“ და „კაკტუსი“ დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები
რამაზ გოგობერიშვილი
(რუსთავის მთავარი მწვრთნელი):
„მსაჯებზე ცუდი
არ მითქვამს, რაც სათამაშო კარიერა დავასრულე, თუმცა დღეს ამის გაკეთება მომიწევს.
პირველ პერიოდში ბრძოლ იყო, თუმცა მეორეში მსაჯებმა ისეთი ჩაატარეს, რომ თამაშს აზრი
დაეკარგა. მე პირადად აღარ მქონდა თამაშის გაგრძელების სურვილი, თუმცა ეს იქნებოდა
მეტოქე გუნდის უპატივცემულობა“.
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):
„თავიდან ნორმალური, კარგი თამაში იყო. მე ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად გავართვით თავი დავალებას რაც გვქონდა. რა შეცდომებიც იყო წინა თამაშებში, ამჯერად მათზე ბევრად ნაკლები იყო. ეს ძალიან კარგია. აქედან გამომდინარე ყველაფერი წინაა და ეხლა ისღა დაგვრჩენია შემდეგი თამაშისათვის მოვემზადოთ. კარგია რომ გავიმარჯვეთ და ვაგრძელებთ წინსვლას.“