დინამოს ნტდ–სთვის დენთი არ ეყო

დინამოს ნტდ–სთვის დენთი არ ეყო

ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც არცთუ ტოლძალოვანი გუნდები ხვდებოდნენ, ძალიან დაძაბული გამოდგა. ცოტაც, და „დინამო“ ამბიციურ “ნტდ–თბილისის” დაამარცხებდა, თუმცა ბოლო წამებზე წაიფორხილა.

„დინამოს“ ამ მატჩამდე მხოლოდ 3 გამარჯვება მოეპოვებინა, ნტდ–ს კი – 7 და ფავორიტადაც ითვლებოდა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცმა აღნიშნა, რომ უპირატესობა ნტდ–სია, თუმცა თამაშმა სულ სხვა რამ დაანახვა მაყურებელს.შეხვედრა „დინამომ“ აქტიურად კი დაიწყო და 8:2 დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მერე ნუგზარ კანდელაკის გუნდმა 11:0 გაქცევა მოაწყო და სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონა. კერძოდ, საწყისი მეოტხედი 25:19 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისთვის უკვე 14 ქულით დაწინაურდა.მეორე ტაიმის დასაწყისში „ნტდ–თბილისის“ ლიდერობამ 20 ქულას მიუკაკუნა და ალბათ აქ ცათვალეს კანდელაკის შეგირდებმა, რომ გამარჯვება მათი იყო. აქ მოულოდნელად აბობოქრდა გიორგი ნანიტაშვილი, რომელიც ძალიან იშვიათად არის ხოლმე ხუთეულში და ეს გამონაკლისი სწორედ დღეს იყო. ნანიტაშვილმა მე–3 ათწუთეულში 5 სამქულიანი ჩააგდო, მას ლექსო ლაფანაშვილმა და გიორგი ხანიაშვილმაც შეაშველეს ხელი და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 57:57.ის კი არა, „დინამომ“ ლიდერობაც მოიპოვა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 65:61 იგებდა. ბოლო ათწუთეულმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა.  ბოლო პერიოდის დასრულებას 1:08 წუთი უკლდა, როცა გიორგი ხანიაშვილმა ფარქვეშიდან ზუსტი ტყორცნით დინამოელები 78:77 დააწინაურა. საპასუხო შეტევაში ნტდ-ელებს ლექსო ლაფანაშვილმა დაუფარა და “დინამოს” მორიგი შეტევა ხანიაშვილმა დაიწყო, მაგრამ სამი მეტოქის გარემოცვაში მოექცა და ბურთი დაკარგა. საფინალო სირენამდე 23 წამი იყო დარჩენილი, ნტდ–მ გადამწყვეტი შეტევა რომ წამოიწყო და ზაურ ფაშაევი საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა. დასრულებამდე 12 წამით ადრე აზერბაიჯანელმა ზუსტად ჩააგდო ორივე საჯარიმო და ნტდ ქულით დააწინაურა. დინამოელებს თამაშის გადასარჩენად საკმარისი დრო ჰქონდათ, მაგრამ ლაფანაშვილმა ფარქვეშიდან ააცილა და ცაგარეიშვილის გუნდისთვის ყველაფერიც აქ დასრულდა. იმავ ფაშაევმა საჯარიმოს ხაზიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 80:78.დღევანდელი მეორე მატჩი კი ვერ გამოდგა თვალსასეირო. „მაკაბის“ აქამდე თერთმეტივე შეხვედრა წაეგო და რაღა „სასოფლოსთან“ გამოაცხობდა სენსაციას. საბოლოოდ ფავორიტმა 102:76 იმარჯვა და აუტსაიდერი „მაკაბი“ ცხრილის ფსკერზე მიეჯაჭვა.