სტატისტიკა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალისტები
ცნობილნი არიან. 2 დღის წინ სატიტულო სერიაში გასულ დინამოს დღეს ქუთაისი შეუერთდა.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი
შეხვედრა ზედმეტი გართულებების გარეშე – 39 ქულით მოუგო სოხუმს და ფინალში ასპარეზობის
უფლება მოიპოვა.
დღევანდელი მატჩი არ იმსახურებდა ასეთ დიდ სხვაობას.
სერიის წინა 4 შეხვედრის გათვალისწინებით, დღევანდელი, გადამწყვეტი მატჩი წინამორბედებზე
უფრო დაძაბული უნდა ყოფილიყო, რადგან წაგებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას ეთიშებოდა. მასპინძლები ყველანაირად მომზადებულები შეხვდნენ გადამწყვეტ შეხვედრას. ეს ეხება როგორც სპორტულ, ისე ორგანიზაციულ საკითხს. ქუთაისის სპორტის სასახლეში ტევა არ იყო, არაერთი გულშემატკივარი ელემენტარულად იმის გამო ვერ დაესწრო თამაშს, რომ დარბაზში ადგილი აღარ იყო. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი ქომაგები მეტად მოწესრიგებულად გულშემატკივრობდნენ თავისიანებს, დარბაზში ნამდვილად სპორტული, ჯანსაღი ატმოსფერო სუფევდა და მაყურებელთათვის ნერვიულობის საბაბი არც კოტე ტუღუში გუნდს არ მიუცია. მასპინძლებმა ისე რიგიანად ითამაშეს, რომ სოხუმელებმა მათ მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს წინააღმდეგობა. დაცვაზე
ორიენტირებული და მწირქულიანი სადებიუტო წუთების შემდეგ, ქუთაისელებმა პირველი პერიოდის
15:11 მოიგეს და მეორე ათწუთეულიდან ხელ-ფეხი გაეხსნათ.
უპირატესობის მოპოვება ქუთაისელებმა კომბინირებული თამაშით,
როტაციის გამართლებითა და ყველა პოზიციაზე სტაბილური მოქმედებით მოიპოვეს. მოედანზე
გამოსული ქუთაისის კალათბურთელები სასტარტოებს სრულფასოვნად ცვლიდნენ, სოხუმელებს კი
ამის საშუალება არ ჰქონდათ. გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრები დიდი ხნით ვერ ტოვებდნენ
მოედანს, თუმცა ეს მესამე პერიოდის ბოლოსკენ არც გახდა საჭირო. ქუთაისელებმა იმდენად
სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რომ შეხვედრის ბოლო პერიოდმა აზრი დაკარგა.
ქუთაისელები საბოლოოდ რიხით მივიდნენ გამარჯვებამდე
– 93:54. ფინალში გასულებს 23 ქულით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა, 18 ქულა მიითვალა პოლ
მილერმა, ხოლო ზაურ ფაშაევისა და გოგა ცეკვავას ანგარიშზე 9-9 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან
17 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი ჯგერენაიამ დააფიქსირა.
ფინალური სერია 17 მაისიდან ქუთაისში დაიწყება. ქუთაისსა
და დინამოს საჩემპიონო სერიაში მოედნის უპირატესობას რეგულარული ჩემპიონატის მომგები
იმერული კლუბი ფლობს. (ფინალურის სერიის ცხრილი იხილეთ ქვემოთ).
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): ეს თამაში იყო კატასტროფა ჩვენთვის. გუნდი ძლიან გადაიღალა დაძაბული 4 თამაშის შემდეგ. მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ სკამი ფაქტიურად არ გვყავდა. მეტოქემ პრაქტიკულად ყველა კომპონენტში გვაჯობა. დიდი მადლობა ქუთაისის გულშემატკივარს, ეს 5 თამაში იყო ნამდვილი საკალათბურთო დღესასწაული, მადლობა მათ რომ გვაჩვენებენ, რომ ძალიან უყვართ ეს თამაში ქუთაისში.
კოტე ტუღუში („ ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): მე ვამაყობ, რომ ქუთაისის მწვრთნელი ვარ. გასაოცარია ის, თუ როგორ უყვართ კალათბურთი ამ ქალაქში. მადლობა სოხუმს, რომ მიუხედავად დიდი ანგარიშით დამარცხებისა ღირსეული და დიდი ბრძოლა გაგვიმართეს. დიდი მადლობა გულშემატკივარს. ორ დღეში ფინალური სერია იწყება და უნდა მოვემზადოთ დინამოსთვის.