სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური ბათუმში დაიწყო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმმა დიმიტრი ჯაკობოვის ოლიმპს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 88:81. შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპი მეორე ადგილზე ერთპიროვნულად მკვიდრდებოდა და პირველ წრეს მისაღებ ადგილზე ხურავდა. მასპინძლები კი მოგების შემთხვევაში ოლიმპს უთანაბრდებოდნენ და მოხდა ისე, რომ ბათუმელებმა საწადელს მიაღწიეს და ამას დიდი დოზით გუნდის ახალწვეულ ბერძენ მოთამაშეს უნდა უმადლოდნენ.
ნიკოლაოს დიპლაროსი ბათუმში მონტენეგრულ ლოვცენიდან გადმოვიდა, მანამდე კი ბერძნულ არისსა და პანიონიოსში უთამაშია. 22 წლის ახალგაზრდა გამთამაშებელმა ოლიმპს 22 ქულა ჩაუგდო და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შეიძლება ითქვას, რომ დიპლაროსის მეოხებით ბათუმმა ოლიმპი დაამარცხა. აჭარულმა გუნდმა ამერიკელი უკანახაზელის, ჯუნიუს პროველის ჩინებული შემცვლელი მონახა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავიდან ოლიმპი იგებდა, რომელმაც პირველი პერიოდი სათავისო ანგარიშით – 23:17 დაასრულა. მეორე პერიოდიდან ამოქმედდა ბერძენი უკანახაზელი, რომელიც თანაგუნდელებს პასებითაც ამარაგებდა და თავის ჩასაგდებსაც აგდებდა. ბათუმელებმა მეორე ათწუთეული 29:21 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
მეორე ნახევარში თანაბარი თამაში გაგრძელდა, მესამე პერიოდი ისევ ბათუმელებმა, თუმცა მხოლოდ 2 ქულით მოიგეს და ბოლო მეოთხედს 5-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. ოლიმპი არ რჩებოდა და მოგები შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა, თუმცა რევაზ ჩაჩანიძის სამქულიანებმა, ნიკოლა ვუიოვიჩის ფარქვეშა აქტიურობამ და რა თქმა უნდა, დიპლაროსის შედეგიანობამ თბილისელებს იმედი გადაუწურა. საბოლოოდ აჭარულმა გუნდმა 7 ქულის სხვაობით იმარჯვა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა. ოლიმპის მსგავსად, ბათუმელებს 6 მოგება და 4 მარცხი აქვთ, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე ცხრილში წინ არიან.
გამარჯვებულთაგან 22 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლაოს დიპლაროსი. 5 სამიანი და ჯამში 17 ქულა ჩააგდო რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო სერბმა ნიკოლა ვუიოვიჩმა შეხვედრა 15 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. 13 ქულა ჰქონდა ლევან მასხულიას. ოლიმპელთაგან 18 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 16 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი რევაზ როგავამ მოაგროვა. 13 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა აკიეან ფრედერიკი.
მე-11 ტურის დარჩენილი 4 მატჩი შაბათ-კვირას, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ბათუმი – ოლიმპი
სტატისტიკა: 88:81