დრამატულ მატჩში თსუ-მ “ვერას” 99:97 სძლია

დრამატულ მატჩში თსუ-მ “ვერას” 99:97 სძლია

დრამატულად წარიმართა სუპერლიგის მოწინავე გუნდების მატჩი. პირველი წრის შემდეგ 8 მოგებითა და 2 მარცხით II-III ადგილებს თსუ და “ვერა” იყოფდნენ და დღეს ამ გუნდებს ურთიერთობის გარკვევა პირისპირ შეეძლოთ. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით გასიტაშვილის გუნდების ჯახი მართლაც საინტერესო, დაძაბული და დრამატული გამოდგა. მართალია, დაცვა ვერ იდგა სათანადო დონეზე და ორივე გუნდმა ლამის 100 ქულას უწია, თუმცა დაძაბულობა და მოხდენილი ეპიზოდები “ვერასა” და თსუ-ს დაპირისპირებას არ აკლდა.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა, მანამდე გამარჯვებულის ვინაობა ვაკანტური იყო. შეიძლება ითქვას, ორივე გუნდმა ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა თსუ-ს მეტად გაუმართლა, რომელმაც 2 ქულის სხვაობით – 99:97 (სტატისტიკა) იმარჯვა. თსუ-ს კალათბურთელებმა გმირულად იბრძოლეს და გამარჯვება დაიმსახურეს, თუმცა ვერელებიც არ იყვნენ ნაკლებნი და ცოტა რომ გამართლებოდათ, ეგებ საპირისპირო შედეგი დაფიქსირებულიყო.  ვერელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი გუნდი ჰყავთ, რომელმაც თითქმის უიმედო მატჩი არაერთხელ შემოატრიალა და აქამდე სუპერლიგაში ბოლო 7 მატჩი მიჯრით მოიგო. უიმედო ვითარებაში იყო “ვერა” დღესაც – მატჩის დასრულებამდე 3.4 წამით ადრე ქულას აგებდა, მეტოქე კი 3 საჯარიმოს ესროდა – 2-ს გუჯა ხვედელიძე და 1-ს რაილ ოუენსი, რომელიც ვერელებმა მსაჯთან კამათისთვის ტექნიკური ჯარიმის გამო დაიმსახურეს.

ტექნიკური ვერას ერთ-ერთი მწვრთნელის რეაქციას მოჰყვა, რომელიც მან მსაჯის მიმართ გამოხატა, რადგან ჩათვალა, რომ ვერელთა გამთამაშებელ დარელ ბრაუნზე თსუ-ელები დაჯარიმდნენ. ეს გახლდათ ბოლო წამებზე განხორციელებული გარღვევა, რომელიც ბრაუნს რომ ჩაეგდო, ვერას ქულით აწინაურებდა. მჭიდრო დაცვის გამო ბრაუნმა გარღვევა ააცილა და თავად უხერხულად დაეცა. სწორედ ამ დროს დაფიქსირდა ტექნიკური ჯარიმა, რომელიც თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა, რაილ ოუენსმა ჩააგდო და თსუ – 99:97 დააწინაურა. რაც შეეხება 2 საჯარიმო სროლას, გუჯა ხვედელიძეს ორივე აუცდა და დარჩენილ 3.4 წამში ვერელებმა ბურთის მოხსნა და მისი მეტოქის საჯარიმოსკენ გაგზავნა მოასწრეს. გასროლილი ბურთის მისაღებად მებრძოლ ვერას ამერიკელ ლეგიონერ თაჩ უნრუჰზე თსუ-ელები დაჯარიმდნენ და … ძირითადი დროის დასრულებამდე 0.4 წამით ადრე უნრუჰი საჯარიმოს ხაზზე დადგა და ორივე რომ ჩაეგდო, ოვერტაიმი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ… 

რაც შეეხება ამ დრამატულ ეპიზოდამდე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია ორმხრივი თავდადება. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოდა. თსუ-მ ორჯერ მოახერხა 9-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა: ერთხელ პირველ და ერთხელაც მეორე ნახევარში. ყველაზე საჭირო მომენტში, თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე თსუ-ელებმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს – რამდენიმე ჩაჭრილი ბურთი და შედეგიანი კონტრშეტევა გახდა უნივერსიტეტელთა 5 ქულით დაწინაურების მიზეზი.  

ვერელებმა ბოლო ძალები მატჩის გადასარჩენად მიმართეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, რაც დარელ ბრაუნის შედეგიანობას მოჰყვა. ბრაუნს შეეძლო მატჩის გმირიც გამხდარიყო, მაგრამ დასრულებამდე წამებით ადრე განხორციელებული გარღვევა, რომელიც ზემოთ დეტალურად განვიხილეთ, ვერ ჩააგდო…

გამარჯვებულ უნივერსიტეტელებს სუპერლიგის ბომბარდირმა ლოველ ქაბილმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულასთან ერთად 11 პასი მიითვალა. არანაკლებ შედეგიანი იყო რაილ ოუენსი – 22 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი. 21 ქულა ნიკოლოზ დარბაიძემ, ხოლო 11 – მიხეილ ბერიშვილმა მოაგროვეს. ვერაში 30 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ზაკ სელიასი. ვახტანგ ქადარიამ 19 ქულა მიითვალა, ხოლო დარელ ბრაუნმა – 16.