“ენერჯი–ინვესტმა” პირველი წრე დაუმარცხებლად დაასრულა

“ენერჯი–ინვესტმა” პირველი წრე დაუმარცხებლად დაასრულა

„ენერჯიმ“ დღეს პრინციპული მატჩი მოუგო მდევარ სსაუ–ს და
პირველი წრეც დასრულდა. მოქმედი ჩემპიონი ქვემოქართლელები პირველ
ტაიმის მიწურულს 11 ქულას აგებდნენ, მაგრამ შეხვედრის შემობრუნება მოახერხეს და
კვლავ წაუგებლები არიან.

ამ შეხვედრას გვარიანი ინტრიგა ახლდა: დაუმარცხებელი რუსთაველები 1
წაგების მქონე სსაუ–ს წინააღმდეგ. სატურნირო ვითარება ისეთი იყო, აგრარული
უნივერსიტეტის გუნდს რუსთაველთათვის პირველობა რომ წაერთმია, 24 ქულით უნდა მოეგო.
თუმცა ეჭვი არაა, აგრარელები იმაზეც თანახმანი იქნებოდნენ, რომ თუნდაც ერთი ქულით
მოეგოთ და ლიდერ „ენერჯი–ინვესტსა“ და თსუ–ს ქულებით გათანაბრებოდნენ. მიხეილ
კობეშავიძის გუნდმა საამისოდ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ რუსთაველებმა სწორედ მაშინ
იყოჩაღეს, როცა მატჩის ბედი წყდებოდა – ანუ ბოლო მეოთხედში.

მესამე ათწუთეულის შუაწელამდე მასპინძლები მდევრის როლში იყვნენ. სსაუ
გამართულად და მწყობრად თამაშობდა, რასაც კარგი დაცვისა და შედეგიანი შეტევის
ნაზავი განაპირობებდა. გიორგი მარხვაშვილი და გიგი ბარბაქაძე სამქულიანებით
გასაქანს არ აძლევდნენ რუსთაველებს.

მესამე მეოთხედში რუსთაველებმა თამაში გამოასწორეს, რაც ძირითადად
დაცვის დამსახურება იყო. მიხეილ ბერუაშვილის დარიგებით, მასპინძლებმა დაცვა
გაამაგრეს, პერიმეტრზე აიწიეს და თბილისელებს სამქულიანების სასროლი სივრცე
შეუძღუდეს. შედეგიც უმალ გამოჩნდა: აგრარელებმა ზედიზედ 4–5 შეტევა გააცუდეს, რაც
ქვემოქართლელებმა სწრაფ შეტევაში გარდასახეს და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3
წუთით ადრე „ენერჯი–ინვესტი“ პირველად დაწინაურდა – 54:53.

ამის შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ხან ერთი გუნდი მოიპოვებდა
ლიდერობას, ხან მეორე. კოტე ტუღუშისა და ზვიად ბაბიაშვილის აქტიურობის შედეგად
რუსთაველებმა ბოლო მეოთხედის ახალდაწყებულზე სამქულიანი უპირატესობა მოიხელთეს,
თუმცა აგრარელები მომდევნო წუთნახევარში 6:0 გაექცნენ მეტოქეს და ახლა სსაუ
დაწინაურდა 3 ქულით – 63:60.

შემდეგ ისევ რუსთაველთა ჯერი დადგა და ახლა ბერუაშვილის გუნდმა მოაწყო
9:0 გაქცევა, თუმცა ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. ბარბაქაძემ ზუსტი სამიანით
საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე სსაუ–ს ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა ეს
იყო აგრარელთა მაქსიმუმი. ბოლო 40 წამში მატჩის გმირმა კოტე ტუღუშმა 5 უპასუხო
ქულა ჩაუგდო სტუმრებს და ყველაფერიც აქ დასრულდა. რუსთაველთა ლიდერმა 2 საჯარიმო
და სსაუ–ს წელში გამტეხი სამქულიანი მიითვალა, აგრარელებმა კი თავის წილ შეტევებში
ერთი სროლა ააცილეს, ერთხელაც ბურთი დაკარგეს და რუსთავიდან დამარცხებულები გამობრუნდნენ.

ბოლოს ერთ მნიშვნელოვან მომენტზე გავამახვილებთ ყურადღებას. არც ამ და
ალბათ არცერთ საქართველოს ჩემპიონატში არ მომხდარა ისეთი რამ, რაც სსაუ–მ
მოიმოქმედა. მთელმა გუნდმა ერთადერთი საჯარიმო ჩააგდო. სულ 2 კალათბურთელს მოუწია
სროლა და ერთი მათგანის ნამოქმედარიც უიშვიათესია. რიჩარდ მათიაშვილმა 7 ცდიდან
ვერც ერთი საჯარომო ვერ ჩააგდო ის ერთადერთი საჯარიმო გიორგი მარხვაშვილზეა,
რომელსაც სროლის საშუალება ორჯერ მიეცა. თამამად შეიძლება იქვას, რომ აგრარულმა
უნივერსიტეტის გუნდმა საჯარიმოების ვერგამოყენების გამო  წააგო.
სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=179