რთულია, მიმდინარე სეზონში დაძაბულობის მხრივ ანალოგი მოენახოს სუპერლიგის მე-10 ტურის მატჩს, რომელშიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა გაუ-მ გორის ივერიონს უმასპინძლა. დავით როგავას გაწვრთნილი გაუ ახალგაზრდული და შეუპოვრობით ცნობილი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 5 გამარჯვება მოიპოვა და ლიდერთა შორისაა. უნივერსიტეტის გუნდი ახლოს იყო მე-6 გამარჯვებასთან, რომლის მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ოვერტაიმში არ გაუმართლა და 94:98 (სტატისტიკა) დამარცხდა.
ის, რომ ივერიონთან მატჩის ბოლო წუთზე გაუ 5 ქულით აგებდა და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, გასაკვირი არაფერია. უფრო საოცარი ისაა, რომ გაუ-ელებმა ძირითადი დროის ბოლო 5 წამში 2 სამქულიანი ჩააგდეს. ყველაფერი ასე მოხდა. რიკარდო ლინჩის 2-დან 1 ზუსტი საჯარიმოთი ივერიონი 84:80 დაწინაურდა და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყდა, რადგან საფინალო სირენამდე (რომელიც საბოლოოდ არ აღმოჩნდა საფინალო) 9 წამი რჩებოდა.
გაუ-მ სწრაფად შეუტია და ნიკოლოზ თოთლაძემ ძირითადი დროის დასრულებამდე 5.4 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო. ყველანაირი ლოგიკით როგავას გუნდმა ტაქტიკური ჯარიმა აიღო და 4.2 წამით ადრე რიკარდო ლინჩი ისევ საჯარიმოს ხაზზე დადგა. ამჯერად მან ორივე სროლა ჩააგდო და გორელები 86:83 დააწინაურა. გაუ-ს წუთშესვენება აღარ ჰქონდა და ბურთი საკუთარი ფარის ქვევიდან გამოიტანა, რომელიც თევის სმიტმა მიიღო და 4.2 წამში მოედნის გადაკვეთა და უხერხული სიტუაციიდან გამთანაბრებელი სამიანის სროლა მოასწრო (იხილეთ ვიდეო). ბურთი მის თითებს რომ მოსწყდა, სირენა გაისმა, რომელიც არა მატჩის, არამედ მე-4 პერიოდის დასრულების მაუწყებელი აღმოჩნდა.
ბურთი კალათში ჩაეშვა და ოვერტაიმიც დაინიშნა. იქაც თითქმის ანალოგიური სცენარი გათამაშდა. ლინჩმა საჯარიმოებით ოვერტაიმის ამოწურვამდე 11 წამით ადრე 3 ქულით დააწინაურა ივერიონი, თუმცა მიქაელ უგრეხელიძემ, რომელმაც ძირითად დროში არაერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო, ამჯერად სამქულიანი ააცილა და ლინჩმა 2-დან 1 საჯარიმოთი ივერიონი ამჯერად მართლაც მიუწვდომელი გახადა.
ლინჩი მატჩის გმირი გახდა, რომელმაც მე-4 პერიოდის შუაწელში გივი ბაქრაძესთან ტანდემში ქულა-მოხსნები უხვად იხვეჭა და გორელებს 10-ქულიანი ლიდერობა დაუბევა. სწორედ ეს სხვაობა გააბათილეს გაუ-ელებმა გმირულად, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ოვერტაიმში ძალები აღარ ეყოთ.
ლინჩმა საბოლოოდ მიმდინარე სუპერლიგის რეკორდს უწია 39 ქულით, რასაც 15 მოხსნა მოაყოლა და მატჩის ყველაზე შედეგიანი გახდა. 16 ქულა და 11 მოხსნა გეგი ბაქრაძემ მიითვალა, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და მიმდინარე სეზონის სარეკორდო 14 პასი დაგროვდა. გაუ-ში 32 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ენდრიუ ლუისი. 14-14 ქულა აიზია სმოლმა (15 მოხსნასთან ერთად) და მიქაელ უგრეხელიძემ მიითვალეს.