გაუ-მ ქუთაისს პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აუღო და ცხრილში გაუთანაბრდა

გაუ-მ ქუთაისს პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აუღო და ცხრილში გაუთანაბრდა

სუპერლიგის მორიგ მატჩში საინტერესო ბრძოლა შედგა. დავით როგავასა და გიორგი ლაშქარაძის გაწვრთნილმა გაუ-მ, რომელმაც 3 დღის წინ თასის გათამაშების მატჩში თსუ დაამარცხა, კიდევ ერთ ძლიერ გუნდს – ქუთაისს მოუგო. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც ძირითადი გამთამაშებელი, ლუკა ლიკლიკაძე ტრავმის გამო სუპერლიგის სტარტზე დაკარგა, აღებული ტემპი არ დაუკარგავს და ჩემპიონატში უკვე მე-7 გამარჯვება მოიპოვა. 

სატურნიროს გარდა, ამ მატჩს გაუ-სთვის სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. პირველი წრის ქუთაისში გამართული მატჩი გაუ-მ 23 ქულით წააგო და ამ მწარე მარცხისთვის რევანში სურდა. დიდი მონდომების, ბრძოლისა და თავდადების ხარჯზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა და ქუთაისს რევანში ხომ აუღო, იმერულ კლუბს სუპერლიგის ცხრილის მე-2 საფეხურზე გაუთანაბრდა. 

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მანამდე კი ანგარიში თითქმის თანაბრად იზრდებოდა და ლიდერიც ძალიან ბევრჯერ – 13-ჯერ შეიცვალა. რა თქმა უნდა, გა-ს გამარჯვების მიზეზი გუნდური თამაში გახლდათ, თუმცა გადამწყვეტი გამოდგა აიზია სმოლის შედეგიანი თამაში, რომელმაც ზედიზედ მეორედ ზეშედეგიანი მატჩი ჩაატარა. სმოლმა წინა მატჩში ორბთან 27 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა, ამჯერად კი 31 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება გაიფორმა.

ქუთაისელთა რიგებში საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი. გამოცდილმა ვეტერანმა კალათბურთელმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 31 ქულასთან ერთად 10 მოხსნა და 3 პასიც მიითვალა. დვალიშვილმა ჩააგდო უმნიშვნელოვანესი სამქულიანი მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე, რომლითაც ქუთაისი ქულით მიუახლოვდა გაუ-ს, რითაც იმერულ კლუბს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცა. ქუთაისელთა აღებული ტაქტიკური ჯარიმიდან ენდრიუ ლუისმა მხოლოდ 1 ჩააგდო და იმერულ კლუბს 2 ქულის გასაბათილებლად 8 წამი დარჩა. გადამწყვეტი შეტევა გიორგი ოჩხიკიძემ ითავა, რომელსაც სწრაფი გარღვევა გაუცუდდა და გაუ-მ გამარჯვება გაინაღდა – 93:91 (სტატისტიკა).