დღეს სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიებიდან თამაში ერთ წყვილში ჩატარდა. ტყიბულში, სერიაში 2:0 დაწინაურებულმა ორბმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდ გაუ-ს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 75:78 (სტატისტიკა) დამარცხდა. შედეგად, სერიაში ანგარიში 2:1 გახდა. გაუ-მ ჩამორჩენა შეამცირა და ხვალ, ტყიბულის სპორტის სასახლეში კიდევ ერთი მატჩი ელის, რომლის მოგების შემთხვევაშიც საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივა. თუკი ასე მოხდა, გადამწყვეტ შეხვედრას გაუ თბილისი არენაზე უმასპინძლებს.
რაც შეეხება შეხვედრას, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ, რომლებმაც პირველი პერიოდი 26:19 მოიგეს. მეორე ათწუთეული სტუმრების იყო. გაუ-მ უპირატესობა მოიპოვა, რაც კარგი დაცვის და სწრაფი შეტევების დამსახურება იყო. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 20:12 მოიგეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდნენ – 39:38.
მესამე პერიოდიდან სტუმრებმა მაღალ ტემპში გააგრძელეს თამაში. ივანე მეგენეიშვილის, აიზია სმოლის და მიქაელ უგრეხელიძის შედეგიანობით გაუ 10 ქულით დაწინაურდა, მაგრამ პერიოდის ბოლოს ანგარიში ისევ გათანაბრდა და გუნდებმა ყველაფერი ახლიდან დაიწყეს. ბოლო პერიოდში ორბი უფრო მობილიზებული იყო და ლიდერობდა, თუმცა თამაშის ბოლოსწინა წუთზე ორბმა მოახერხა დაწინაურება – 73:71.
გადამწყვეტი გამოდგა ენდრიუ ლუისის სამქულიანი, რის შემდეგაც გაუ ისევ დაწინაურდა და ბოლო წუთზე ყველაფერი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა: ორბმა შეტევა გააცუდა, გაუ-მ კი ჩააგდო და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. გამარჯვებულებს 17 ქულითა და 8 პასით თევის სმიტმა ულიდერა. 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა ივანე მეგენეიშვილმა, 12 ქულა და 11 მოხსნა აიზია სმოლმა. ორბში საუკეთესო იყო ჯონ ნეიგლი 19 ქულით, 14 ქულა კი მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზეა.
სერიის მე-4 მატჩი ტყიბულში ხვალ, 27 აპრილს გაიმართება.