საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ერთვება. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი ხვალ, გამთენიისას გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 24 ნოემბერს, პირველ მატჩს გამართავს. საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ბელგრადში გადაინაცვლებს, სადაც 27 ნოემბერს სერბეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ნოემბრის შესარჩევი თამაშებისთვის ილიას ზუროსმა ნაკრებში 24 კალათბურთელი გამოიძახა. დუდა სანაძემ და გიორგი ცინცაძემ ტრავმების გამო ნაკრებთან შეერთება ვერ მოახერხეს, ხოლო ეროვნულ გუნდში ვარჯიშისას მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს გიგი გოგობერიშვილი და ოთარ პერტაია გამოაკლდნენ.
ბერძენი სპეციალისტი ნაკრებს 12 ნოემბრიდან, დიღომში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე ამზადებდა. ეროვნულ გუნდში გამოძახებული 4 დინამოელი – ლევან ფაცაცია, მიხეილ ბერიშვილი, ნოდარ გოგოძე და ილია ლონდარიძე ნაკრებს 17 ნოემბერს, ფიბა ევროპის თასის მატჩის შემდეგ შეუერთდა.
20 ნოემბერს ნაკრებს პირველი ლეგიონერი – სერბული „მეგა ბიმაქსის“ ცენტრი, გოგა ბითაძე შეუერთდა, ხოლო უცხოეთში მოთამაშე დარჩნილი 2 წევრი – მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიქსონი ეროვნულ გუნდს გერმანიაში დაემატებიან.
ზუროსმა გაფართოვებულ შემადგენლობაში გამოიძახა ევროლიგის მოთამაშეები – გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, თუმცა მათი გერმანიაში თამაში გამორიცხულია. ბოლო ინფორმაციით, ევროლიგის ხელმძღვანელობამ ჯარიმები დაუწესა იმ გუნდებს, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში მოთამაშეებს გაუშვებს.
დღეს, დიღმის ბაზაზე ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში წასვლამდე ბოლო ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსმა ის 12 მოთამაშე დაასახელა, რომლებიც 24 ნოემბერს გერმანიას, ხოლო 27-ში სერბეთს დაუპირისპირდებიან.
ილიას ზუროსმა ვარჯიშის შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ყველამ კარგად იცის, რა სიტუაციაში ვართ. სამი ისეთ კალათბურთელი ვერ ითამაშებს, როლებსაც დიდი დახმარების გაწევა შეეძლოთ. გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე, დადუდა სანაძე ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა. მათ საკმარისი გამოცდილება აქვთ ევროპის წამყვან გუნდებთან თამაშისა.
დღეს საქართველოს ნაკრებს სწორედ გამოცდილება აკლია, კალათბურთელთა უმეტესობა, იმ დონეზე, როგორზეც სერბეთისა და გერმანიის ნაკრების კალათბურთელები თამაშობენ, პირველად გადის.
ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს ნაკრებსაც კარგად შეეწყონ და შეიძინონ გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ მათაც გამოადგებათ და საქართველოს ნაკრებსაც.”
საინტერესოა, რას ჰპირდება ბერძენი სპეციალისტი ქართველ ქომაგს გერმანიასთან მატჩში?
“შეცდომა იქნება თუ ვიტყვით – გერმანიასა და სერბეთში აუცილებლად გავიმარჯვებთო. ვინაიდან არ გვაქვს სათანადო გამოცდილება, გულშემატკივარს შეგვიძლია დავპირდეთ, რომ გულლიანად ვითამაშებთ, მოედანზე თავს დავდებთ. რამდენიად დაფასდება ჩვენი გარჯა, უშუალოდ მატჩები გვიჩვენებს.”