სუპერლიგის მე-13 ტური დასრულდა. მომდევნო ტური 1, 2 და 3 მარტს გაიმართება, მანამდე კი ეროვნული ნაკრების ფანჯარა და თასის გათამაშების მატჩებია. ტურის ბოლო შეხვედრაში დელტამ გორის ივერიონს გურჯაანში უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით – 85:68 (სტატისტიკა) დაამარცხა.
ამ მოგებით გურჯაანელებმა 9 მოგება და 3 მარცხი დააგროვეს და გაუთანაბრდნენ ლიდერ თსუ-ს, რომელიც ცხრილის სათავეში ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების გამო რჩება. გურჯაანელებმა ისარგებლეს თსუ-ს კავკასიასთან დამარცხებით და ივერიონთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თანალიდერის სტატუსი მიიღეს.
მატჩი გორელებმა უკეთესად დაიწყეს და მოიგეს კიდეც პირველი პერიოდი – 26:18. მეოთხედის განმავლობაში სტუმრები 15 ქულითაც (26:11) იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა დროულად მიიღეს შესაბამისი ზომები და თამაში გამოაკეთეს. ივერიონს ამ მატჩში დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი, გივი ბაქრაძე, ასევე დებიუტი შედგა სერბი ფორვარდის, ანდრია დრაშკოვიჩის, რომელიც საბოლოოდ გორელთაგან ყველაზე შედეგიანი გახდა.
მეორე პერიოდი გურჯაანელებმა 24:17 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 42:43, მესამე პერიოდი გამოდგა გარდამტეხი, რომელიც გურჯაანელებმა 26:6 მოიგეს და გამარჯვება მატჩის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე გაინაღდეს. კახურ გუნდს ბაირონ მაქსველმა ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ჯარვის რეის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა, ბექა ბექაურმა 12 მოაგროვა. ივერიონში საუკეთესო დრაშკოვიჩმა 16 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. 13-13 ქულა გეგი ბაქრაძემ და გიორგი მეცხოვრიშვილმა დააგროვეს.
ფოტო: BC Delta Gurjaani