სუპერლიგის მე-19 ტური დღეს ბათუმში დასრულდა. მანამდე კი ერთ შეხვედრას გურჯაანმა უმასპინძლა. კახეთში ბრძოლა არ შედგა, აჭარაში კი დაძაბულ მატჩში რუსთავმა ბათუმს 76:73 (სტატისტიკა) მოუგო.
თანმიმდევრობით მივყვეთ და აღვნიშნოთ, რომ სუპერლიგას ლიდერი შეეცვალა, რომელიც გურჯაანის დელტაა. კახურმა გუნდმა პირველობა პაუზის შემდეგ დაიბრუნა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დელტამ ისარგებლა თსუ-ს მარგვეთთან წაფორხილებით, თავისი მატჩი მოიგო და სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ქულით გადაასწრო. აქვე აღვნიშნოთ, რომ თსუ დელტასთან ერთად ჩამორჩა ქუთაისსაც, რომელთანაც თანაბარი ქულების მიუხედავად, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აგებს.
დელტამ გურჯაანში გაუ-ს უმასპინძლა და ყველა პერიოდი მოუგო. მთლიანობაში კახურმა გუნდმა მეტოქე 24 ქულით – 98:74 (სტატისტიკა) დაამარცხა. პირველი ნახევრის შემდეგ დავით როგავას გაწვრთნილ თბილისურ გუნდს შანსი კიდევ შერჩენოდა, თუმცა მესამე პერიოდის 18:28 წაგების შემდეგ 22 ქულით ჩამორჩა და მოგების შანსი ფაქტობრივად დაკარგა.
გურჯაანელებს 18 ქულითა და 8 მოხსნით გიორგი ტურძილაძემ ულიდერა. 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ჯარვის რეიმ, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 13 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. გაუ-ს შემადგენლობაში 15 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო აიზია სმოლი. 12 ქულა ენდრიუ ლუისმა, ხოლო 11 – მაიკლ რაითმა მიითვალა.
ბათუმში გამართული შეხვედრა ფაქტობრივად ბოლო შანსი იყო რუსთავისთვის, რომელიც ცხრილში ბოლო ადგილზეა და აჭარაშიც რომ წაეგო, მთავარ კონკურენტ მარგვეთზე 1-ით მეტი თამაში და 1-ით ნაკლები მოგება ექნებოდა. ეს კი, მოგეხსენებათ, ფაქტობრივად გამოუვალი სიტუაცია იქნებოდა. რუსთაველებმა მთელი ძალები მოიკრიბეს და გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.თავის მხრივ, ამ წაგებით ბათუმს გვარიანად გაუუარესდა ვითარება. 6 მოგება და 10 მარცხი – ბათუმთან ერთად ეს შედეგი აქვს რაშს და ივერიონს და ეს სამეული ცხრილში მე-7, მე-8 და მე-9 ადგილებზე არიან განთავსებულნი.
სუპერლიგის მორიგი, მე020 ტური 26 და 27 მარტს – ტყიბულში, ქუთაისში, თბილისსა და გორში გაიმართება.
ფოტო: Deltagurjaani