საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტური დღეს ტყიბულში დაიწყო, სადაც ორბმა გურჯაანის დელტას უმასპინძლა და 26 ქულით – 74:100 (სტატისტიკა) დამარცხდა. მეორე შეხვედრა ქუთაისში იყო დაგეგმილი, თუმცა იტალიიდან გუშინ, ღამით დაბრუნებულ თსუ-ს თამაში გადაუდეს.
რაც შეეხება ტყიბულში გამართულ შეხვედრას, სუპერლიგის დებიუტანტმა ორბმა ამჯერად ვერ გაახარა საკუთარი გულშემატკივარი. არადა, ტყიბულელებმა წინა საშინაო შეხვედრაში საკმაოდ ძლიერი ზესტაფონის “მარგვეთი” დაამარცხეს. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ქომაგი თავიანთი გუნდის მორიგ გამარჯვებას ელოდა, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გურჯაანის დელტამ მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა.
პირველი პერიოდი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 4 ქულით მოიგეს. მეორე ათწუთეულში გურჯაანელებმა პოზიციები გაიმყარეს და დიდი შესვენებისთვის 43:34 დაწინაურდნენ. ვითარება არც შემდეგ შეცვლილა. ტყიბულელები ცდილობდნენ თამაშის მიმდინარეობის შეცვლას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ.
ორბის ბოლო შანსი ბოლო პერიოდი იყო, რომლის დაწყებამდეც მეტოქეს 15 ქულით ჩამორჩებოდა. გურჯაანის გუნდმა ისე დალაგებულად ჩაამთავრა თამაში, მასპინძლებისთვის შანსი არ მიუცია. ბოლო პერიოდიც სტუმრებმა მოიგეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.
გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ოთარ ფხაკაძემ, რომელმაც 17 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დააგროვა. ჯარვის რეი მატჩის ბომბარდირი გახდა 20 ქულით, ხოლო საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. ორბში ერთადერთი მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს – სოსო გოგნაძემ 17 ქულა მიითვალა.
მე-4 ტურის
2 შეხვედრა ხვალ თბილისში გაიმართება, ერთსაც რუსთავი უმასპინძლებს.
ფოტო: Delta gurjaani