სუპერლიგის მე-3 ტურის მორიგი 2 მატჩი დღეს რეგიონებში გაიმართა. შეხვედრებს გურჯაანმა და ბათუმმა უმასპინძლეს და ორივეგან გამარჯვებული მასპინძელი გამოვიდა. საკუთარი ქომაგების თვალწინ პირველი გამარჯვება იზეიმა დელტამ, რომელიც ამ სეზონიდან თამაშებს გურჯაანში მასპინძლობს. პირველი შეხვედრა გურჯაანელებმა შინ ბათუმთან წააგეს, რის შემდეგაც გორში იმარჯვეს და სუპერლიგის მე-3 წრეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს.
სუპერლიგის გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი ფორმაში ვერაა. კავკასიამ მიმდინარე სუპერლიგაში მე-3 მატჩი გამართა და მოგების გემო ჯერ არ განუცდია. ნიკა ცინცაძის გუნდმა პირველ ტურში მარგვეთთან წააგო, შემდეგ თსუ-თან დამარცხდა, დღეს კი გურჯაანშიც წარუმატებელი შეხვედრა ჰქონდა.
მასპინძლებმა საწყისი 3 პერიოდი დამაჯერებელი სხვაობებით მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 22 ქულით იგებდნენ. ეს ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა. საბოლოოდ ასეც მოხდა, თუმცა კავკასიელებმა ბოლო პერიოდში მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, 15 ქულით იმარჯვეს, თუმცა საბოლოოდ მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ. გურჯაანელებმა 89:82 (სტატისტიკა) იმარჯვეს და სუპერლიგას გაუ-სთან ერთად სათავეში ჩაუდგნენ.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჯარვის რეიმ დააფიქსირა – 23 ქულა, 9 მოხსნა. ბექა ბექაურის ანგარიშზე 13 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. 15 ქულა ნიკა დარბაიძემ მიითვალა, კოუბი დიქსონმა შეხვედრა 14 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. კავკასიაში 20 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით გრეგ ფარჰემი გამოირჩა. 15 ქულა ლევან გოგიჩაიშვილმა, 15 – ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა მოაგროვეს.
რაც შეეხება ბათუმში გამართულ შეხვედრას, ის უფრო დაძაბული გამოდგა. აჭარული გუნდი თითქმის მთელი მატჩის მანძილზე უგებდა გორის ივერიონს, თუმცა ბოლო წუთებზე შიდაქართლელებმა მოახერხეს თამაშის შემობრუნება და შეხვედრის ბოლო წუთზე ანგარიშიც გაათანაბრეს. გამარჯვების ბურთი რევაზ როგავამ ჩააგდო, რის შემდეგაც ბათუმი 74:72 (სტატისტიკა) დაწინაურდა და თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა.
გამარჯვებულებს ოთარ ბულიავამ 18 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით ულიდერა. 15 ქულა ჰანტერ ბოუდიმ, 12 – რევაზ როგავამ დააგროვეს. გორის გუნდში 24 ქულით საუკეთესო იყო კვენტინ ჰარდრიქტი. 17 ქულა და 9 მოხსნა გეგი ბაქრაძის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მე-3 ტურის დარჩენილი შეხვედრა 1 ნოემბერს, თბილისი არენაზე გაიმართება: მარგვეთი ქუთაისის წინააღმდეგ.
ფოტო: Deltagurjaani