სუპერლიგის მე-5 ტურის მორიგი მატჩები რეგიონებში – გურჯაანსა და გორში გაიმართა. კახეთის ქალაქში “დელტასთან” სათამაშოდ იმერული კლუბი “ქუთაისი 2010” ჩავიდა და საკმაოდ საინტერესო, დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა შეხვედრა 83:80 (სტატისტიკა) მოიგეს და 4 მატჩიდან უკვე 3 გამარჯვება დააგროვეს.
გურჯაანის გუნდს ამ მატჩამდე 3 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ზედიზედ 3 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ცხადია, მორიგ გამარჯვებას გეგმავდა. თავის მხრივ, ქუთაისელებსაც არანაკლები ამბიცია აქვთ. იმერულმა კლუბმა პირველ ტურში რუსთავში წააგო და მას შემდეგ ზედიზედ 2 მოგება ჰქონდა მოპოვებული. ამ მატჩში გამარჯვება ორივე გუნდისთვის დიდი უპირატესობა და სტიმული იქნებოდა და ეს ბონუსები საბოლოოდ ქუთაისელებმა მიიღეს.
მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მასპინძლებმა პირველი პერიოდი 3 ქულით მოიგეს, მეორეში კი სტუმრებმა იძალეს და დიდი შესვენებისთვის 48:44 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ძირითადად ქუთაისი ლიდერობდა და გურჯაანელები ჩამორჩენის გაბათილებას ცდილობდნენ.
საბოლოოდ თამაში ისე დასრულდა, გურჯაანელთა მონდომებამ შედეგი ვერ გამოიღო. ქუთაისელებმა გამართულად ითამაშეს გადამწყვეტ ეპიზოდებში და ლიდერის სტატუსი ბოლომდე შეინარჩუნეს. ამის მთავარი მიზეზი სამწამიანში დომინაცია იყო. გურჯაანელებმა მეტოქეს პერიმეტრიდან აჯობეს – დელტამ 11 სამქულიანი ჩააგდო, ქუთაისმა კი – 6. სამაგიეროდ, საშუალო სროლებში იყო ქუთაისელთა უპირატესობა: 25 – 15.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი კორსანტიას ჰქონდა – 16 ქულა, 14 მოხსნა. 16 ქულა დააგროვა დეტრიკ ბრაუნინგმაც. 15 ქულა გიორგი სულაბერიძემ დააგროვა, ხოლო 14 – მიხეილ ბერიშვილმა. გურჯაანელთაგან 27 ქულით საუკეთესო იყო ოთარ ფხაკაძე. 16 ქულა ნიკოლოზ დარბაიძემ დააგროვა, ხოლო საბა ლობჯანიძემ – 12.
უფრო მეტად დაძაბული მატჩი ჩატარდა გორში, სადაც ივერიონმა სუპერლიგაში ისტორიული – პირველი გამარჯვება მოიპოვა. გორის გუნდი სუპერლიგის წინა სეზონის ბრინჯაოსმედალოსან “კავკასიას” მასპინძლობდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით – 88:87 (სტატისტიკა) დაამარცხა.
ივერიონი სუპერლიგაში ერთადერთი გუნდი გახლდათ, რომელსაც მოგება არ ჰქონდა მოპოვებული. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა გორელებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. რაც შეეხება კავკასიას, გუნდს მწვრთნელი შეეცვალა. უფრო ზუსტად, კავკასიაში დაბრუნდა ბექა წივწივაძე, რომელიც კავკასიას წინა სეზონში წვრთნიდა. ნიკა ცინცაძემ კი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 16-წლამდელთა საქართველოს ნაკრებზე მეტი კონცენტრირების გამო დატოვა.
გორელებს მეთიუ ნორმანმა ულიდერა, რომელმაც 6 სამქულიანი და ჯამში 22 ქულა მიითვალა. 21 ქულა კვენტინ ჰარდრიქტმა მოაგროვა, ხოლო გივი ბაქრაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. კავკასიაში საუკეთესო შედეგი ილია ლონდარიძემ დააფიქსირა – 24 ქულა, 9 მოხსნა.
სუპერლიგის მე-5 ტური კვირას, 12 ნოემბერს, 2 მატჩით დასრულდება. ზესტაფონის “მარგვეთი” თბილისში “რუსთავს” უმასპინძლებს, ხოლო ბათუმში სათამაშოდ ტყიბულის “ორბი” ჩავა.
ფოტო: გურჯაანის “დელტას” და “ქუთაისი 2010”-იწ პრეს-სამსახურები