იანგის 39 ქულით ბათუმმა სოხუმი დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

იანგის 39 ქულით ბათუმმა სოხუმი დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა

პირველი წრის ბოლოსწინა ტური დღეს ბათუმში დაიწყო, სადაც
სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავიდა და უხვქულიან მატჩში მარცხი განიცადა – 84:98. ვაჟა კვარაცხელიას
გაწვრთნილი გუნდი იოლად არ დანებებულა. ის კი არა, გამარჯვების რეალური შანსიც ჰქონდა,
მაგრამ ბოლომდე ძალები აღარ ეყო და გადამწყვეტი პერიოდის 12 ქულით წაგებით წარმატების
იმედი გადაეწურა.

სოხუმელებმა პირველი პერიოდი 29:21 მოიგეს. ლაშა ფარღალავამ
შედეგიანობა გამოავლინა, რასაც სოხუმელთა ხელჩასაჭიდი დაწინაურება მოჰყვა. მეორე მეოთხედში
ვითარება იმ მხრივ შეიცვალა, რომ მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს, თუმცა ჩამორჩენის
შემცირება დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 1 ქულით მოახერხეს – 42:49.

მესამე პერიოდში მანამდეც შედეგიანად მოთამაშე ბათუმელთა
ამერიკელ ლეგიონერ ბიჯეი იანგს მხარი ირაკლი მიქელაძემ აუბა და ბათუმელებმა ანგარიშის
გათანაბრება სეძლეს. თანაბარი თამაში გაგრძელდა ბოლო მეოთხედი საწყის წუთებამდე, რის
შემდეგაც მასპინძლებმა საბოლოოდ იპოვეს საკუთარი თამაში და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

39 ქულით გამარჯვებულებს იანგმა ულიდერა, მიქელაძის
ანგარიშზე 25 ქულა, 8 პასი და მოხსნა დაგროვდა, კრისტოფერ ფელჩერმა კი ორმაგი დუბლი
– 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ იანგის 39 ქულა მიმდინარე სეზონში
სარეკორდოა. „სოხუმში“ 24 ქულით ბომბარდირი ლაშა ფარღალავა გახდა, 16 ქულა და 17 მოხსნა
გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზეა, გრიგოლ შვანგირაძემ კი სოხუმელებს 19 ქულა და 10 მოხსნა
შესძინა.

ბათუმში დაწყებული ტური ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში
გაიმართება, სადაც დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართება.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):
ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, მსაჯობაც იდეალური იყო, თუმცა არ გაგვიმართლა. არადა,
მოსაგები თამაში იყო. ჩლაიძემ პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო, ჯგერენაიაც არ გვყავდა,
ამ 2 მოთამაშის დანაკლისი რომ არა, აუცილებლად მოვიგებდით. მინდა აღვნიშნო ფერიაშვილის
არაჩვეულებრივი თამაში, სამწუხაროდ, მან 5 ჯარიმა მიიღო და გავარდა, ასევე ფარღალავამაც.
დასანანი მარცხი განვიცადეთ.

მიხეილ კობაშავიძე
(„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი): მოვიგეთ, მაგრამ კმაყოფილი არ ვარ.
მეორე ტაიმში დაცვაში კარგად ვიასპარეზეთ და ამაის ხარჯზე გავიმარჯვეთ.