საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ქართველ ჟურნალისტებს დღეს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში შეხვდა. ბერძენი სპეციალისტი მას-მედიას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ წარუდგინეს.
ილიას ზუროსი:
– ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა. თბილისში ორიოდე კვირის წინაც ვიყავი ჩამოსული და დავინახე, რომ ძალიან კარგად ორგანიზებული ფედერაციაა. მასთან თანამშრომლობა ნამდვილად სასიამოვნოა.
– საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ, ევროპის ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ მაღალი დონის გუნდია და ამ ეტაპზეც მაღალ მიზნებს ვისახავთ – ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. რასაც თავდაუზოგავი შრომით და სწორი მუშაობით უნდა მივაღწიოთ. ნაკრები კლუბი არ არის, კალათბურთელები მთელი სეზონი ერთად რომ იყვნენ, ეროვნულ გუნდში სათამაშოდ ისინი მცირე დროით იკრიბებიან, მაშინ, როცა სხვები ისვენებენ… სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი გუნდური სულისკვეთება, რაც ნაკრების ერთ ოჯახად ჩამოყალიბების საწინდარია.
– საქართველოში ხშირად ჩამოვალ და დავაკვირდები ყველა იმ კალათბურთელს, რომელიც შესაძლოა, ნაკრებს გამოადგეს. ასევე ვნახავ იმ კალათბურთელებს, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ. არ მინდა გვარების დასახელება, რადგან ჩემთვის ყველა ერთია და მხოლოდ ისინი მოხვდებიან ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, რომლებიც ამას რეალურად დაიმსახურებენ. შეკრებას ივლისის პირველ ნახევარში დავიწყებთ და ოფიციალური მატჩების დაწყებამდე საკმარისი დრო გვექნება ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევისა და სათანადო მომზადებისთვის.
– რაც შეეხება ნატურალიზებულ მოთამაშეს, ეს პრაქტიკა მსოფლიოში მიღებულია და ბევრ წამყვან საკალათბურთო ქვეყნის ნაკრებს ჰყავს ამერიკელი კალათბურთელი. ეს ნორმალურია და არც ჩვენ ვიტყოდით უარს, თუ კარგი ვარიანტი გვექნება. ნატურალიზებულ კალათურთელზე უარი რომ თქვა, დიდი რესურსი უნდა გაგაჩნდეს.
– დიდი იმედი მაქვს, პირველი ეტაპისთვის დასახულ მიზანს მივაღწევთ, ევრობასკეტ 2017-ზე გავალთ და მომავალ წელს აქ ისევ შევხვდებით და უკვე ევროპის ჩემპიონატის გეგმებზე ვისაუბრებთ.
მიხეილ გაბრიჩიძე:
– მოხარულები ვართ, რომ ასეთი მაღალის დონის სპეციალისტი ჩვენს ეროვნულ გუნდს გაწვრთნის. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა მოლაპარაკებებისა და პირობების შეჯერების შემდეგ არჩევანი ილიას ზუროსზე შეჩერდა. იმედი მაქვს, მისი მუშაობა ნაყოფიერი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის.
– მოსამზადებელი ეტაპი საინტერესოდ იგეგმება, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილიის მერიის თასზე სათამაშოდ ჩამოვლენ მაკედონია, შვედეთი და 99 პროცენტით რუსეთი. ასევე ვგეგმავთ რუსეთის ნაკრებთან გასვლით ამხანაგურ მატჩს. ზაფხულში ასევე დავუპირისპირდებით პოლონეთს, ბელგიას, ავსტრიას…
ვლადიმერ ბოისა:
– დასამალი არ არის, ილიას ზუროსს რომ დავურეკეთ და საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე დაველეპარაკეთ, ძალიან გაუხარდა. იგი მაღალი დონის სპეციალისტია და წვრთნიდა როგორც ევროლიგის გუნდებს, ასევე საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს. მას კარგად მოეხსენება ქართველი კალათბურთელების შესახებ, გვყავს ევროლიგის დონის მოთამაშეები, ასევე ნბა-ს წარმომადგენელი და მისთვისაც საინტერესო იყო ასეთ გუნდთან მუშაობა. ცხადია, ჩვენც გვიხარია ზუროსის დანიშვნა. მისი… უფრო სწორად ჩვენი პლუსია, რომ იგი უკლუბოდაა და შემადგენლობის შერჩევისთვის საქართველოში ხშირად ჩამოვა და დააკვირდება როგორც ეროვნული ნაკრების კანდიდატებს, ისე შედარებით ახალგაზრდებსაც, რომლებმაც მომავალში ეროვნულ გუნდში ეს თაობა უნდა ჩაანაცვლოს. ლეგიონერებსაც უშუალოდ ტრიბუნებიდან დააკვირდება. არ ვლაპარაკობ მხოლოდ უმაღლეს ლიგებში მოასპარეზე ლეგიონერებზე.