ივერიონი ლიდერ თსუ-სთან გორში ბრძოლაში დამარცხდა

ივერიონი ლიდერ თსუ-სთან გორში ბრძოლაში დამარცხდა

სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტური გორში დასრულდა. ივერიონმა მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერს, თსუ-ს უმასპინძლა და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი – 86:86 იყო, თუმცა დარჩენილ დროში უნივერსიტეტელებმა სანაქებო დაცვის ხარჯზე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება – 91:86 (სტატისტიკა).

არადა, გორელებმა თამაში ჩინებულად დაიწყეს და მთელი მატჩის განმავლობაში ტოლს არ უდებდნენ სრული შემადგენლობით მოთამაშე თსუ-ს. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გიორგი ტურძილაძის ნაცვლად ესპანეთიდან დაბრუნებული ვილი ისიანი დაიმატა, ხოლო ტრავმირებული კახა ჯინჭარაძემ ტრავმა მოირჩინა და ორმოცდღიანი პაუზის შემდეგ თსუ-ში პირველად ითამაშა. ერთი სიტყვით, თსუ-ს ყველა მოთამაშე ჰყავდა, რასაც ვერ ვიტყვით ივერიონზე. გორის გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, გივი ბაქრაძე აკლია, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

მიუხედავად ამისა, დიმიტრი ჯაკობოვის გუნდი ტოლ-სწორად ეთამაშა ფავორიტს. პირველი პერიოდის შემდეგ გორელები 8 ქულით – 21:13 იგებდნენ. მეორე ათწუთეულში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და დიდი შესვენებისთვის თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. თსუ-ს ალექსანდრე ლიდერობდა, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – 26 ქულა, 10 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა. 

მესამე პერიოდში თსუ-მ უპირატესობა მოიპოვა, რაც დაცვის გაძლიერების ხარჯზე მოხდა, თუმცა გორელებს შორი სროლები შანსს უნარჩუნებდა. ბოლო პერიოდში, მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე თსუ 8 ქულით დაწინაურდა და თითქოს ყველაფერიც გადაწყდა, თუმცა მეთიუ ნორმანმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო კვენტინ ჰარდრიქტმა საჯარიმოს ხაზიდან ზუსტი სროლებით ანგარიში გაათანაბრა.

თსუ-ს მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც დარჩენილი 2 წუთი თსუ-მ 8:0 მოიგო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დარჩენილ დროში ივერიონს შანსი არ ჰქონია, იმდენად საიმედოდ თამაშობდნენ თსუ-ელები დაცვაში. საბოლოოდ უნივერსიტეტელებმა დაგეგმილი გამარჯვება გაიფორმეს და ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდნენ. გამარჯვებულთაგან საუკეთესო ფევაძის მონაგარი ზემოთ მოგახსენეთ. მის შემდეგ თსუ-ში 23 ქულითა და 6 მოხსნით კახა ჯინჭარაძე გამოირჩა. 14 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა გიორგი ცინცაძის ანგარიშზეა. ახალწვეულმა ვილი ისანმა დებიუტი 4 ქულითა და 5 მოხსნით აღნიშნა. გორელთაგან საუკეთესო იყო მეთ ნორმანი – 27 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა. 16-16 ქულა ლუკა გიორგაძემ და რიკარდო ლინჩმა მიითვალეს. 

სუპერლიგის მორიგი ტური 10 და 11 თებერვალს – თბილისში, რუსთავსა და გურჯაანში გაიმართება.

მატჩის სრული ვიდეო-რეპორტაჟი