კადუგანმა სოხუმი დააჯარიმა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

კადუგანმა სოხუმი დააჯარიმა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

 სტატისტიკა გალერეა

დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება. მე-5 ტურის
ბოლო მატჩში “ბათუმმა” “სოხუმს” უმასპინძლა და ჯუნიორ კადუგანის
ბოლო წუთზე ჩაგდებული 5 საჯარიმოს წყალობით მინიმალური სხვაობით – 68:67 იმარჯვა. მეორეს
მხრივ, სოხუმელებმა ბოლო 30 წამში 4 საჯარიმო ააცილეს. ეს უიღბლობა ვახტანგ ქადარიას
შეემთხვა.

ბათუმელებმა თითქმის უიმედო მატჩი მოიგეს. მიხეილ კობეშავიძის
გუნდი მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე 4 ქულით – 63:67 აგებდა. ისედაც ინდივიდუალურობით
გამორჩეულ ბათუმელთაგან თამაში საკუთარ თავზე კანადელმა უკანახაზელმა, ჯუნიორ კადუგანმა
აიღო.

ამ კალათბურთელს პასების კეთებაც ეხერხება, თუმცა ინდივიდუალურ
თამაშშიც ცოტა თუ შეედრება.  კანადელმა სწრაფი
გარღვევებით გადაწყვიტა თამაშის გადარჩენა, მაგრამ მას სოხუმელები ჯარიმებით აჩერებდნენ.
პირველი საჯარიმო კადუგანმა საფინალო სირენამდე 56 წამით ადრე ჩააგდო, მეორე კი ააცილა
და მასპინძელთა ჩამორჩნა 3 ქულამდე შეამცირა.

გრიგოლ შვანგირაძემ 3-ქულიანი ააცილა, დაცვაში კი კადუგანზე
ქადარია დაჯარიმდა. კანადელმა დასრულებამდე 32 წამით ადრე ჩამორჩნა მინიმუმამდე შეამცირა
– 66:67. სწორედ ამ მომენტში ააცილა ქადარიამ 2 საჯარიმო, თუმცა ფარზე იმარჯვა და თავისივე
აცილებული მოხსნა. ბათუმელი ნიკა რამიშვილი მაშინვე დაჯარიმა ქადარიაზე, რომელსაც კვლავ
მიეცა სოხუმელთა ლიდერობის გახსნის შანსი, მაგრამ საჯარიმოები კვლავ ააცილა.

დაძაბულობამ პიკს მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე
მიაღწია, როცა კადუგანზე კვლავ ქადარია დაჯარიმდა. კანადელმა უკანახაზელმა აუღელვებლად
ჩააგდო ორივე სროლა და “ბათუმს” ძალიან დაძაბული და პრინციპული მატჩი მოაგებინა.

კადუგანი 26 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, ხოლო ჯემი
ჯეკსონმა ორმაგი დუბლი  – 19 ქულა და 12 მოხსნა
მიითვალა. სოხუმელებს 19 ქულით ჯოშუა ჯეკსონმა ულიდერა, ნიკა მეტრეველმა 12 ქულა-11მოხსნა
მოაგროვა, ქადარიამ კი შეხვედრა 8 ქულითა და 17 მოხსნით დაასრულა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
ვაჟა კვარაცხელია
(,,სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): სამწუხაროა, რომ ასეთი მატჩი წავაგეთ. თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე 4 ქულას ვიგებდით. ვულოცავ ,,ბათუმს”
გამარჯვებას და ზოგადად ასეთი ბრწყინვალე გუნდის შექმნას, რომელიც სისტემურად საკმაოდ
გამართულია. დარბაზში ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი, თუმცა არის გარკვეული ხარვეზები
გულშემატკივრის მხრივ. ფაქტია, რომ დაცვა დარბაზში სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ეს
სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და დალაგდეს.

ლაშა ოჩხიკიძე
(ბათუმის მწვრთნელი): დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ასეთი თამაშისთვის. თავდადების
ხარჯზე ვიმარჯვეთ. მთელი თამაში ვიგებდით, თუმცა ბოლოს დაცვაში გარკვეული შეცდომები
დავუშვით. მიუხედავად ამის ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
ვულოცავ მთელ გუნდს ამ წარმატებას. 

ფოტო: რსუ-ბათუმის პრეს-სამსახური