კახა ჯინჭარაძემ ამრაში დებიუტი 23 ქულითა და რაშთან გამარჯვებით აღნიშნა

კახა ჯინჭარაძემ ამრაში დებიუტი 23 ქულითა და რაშთან გამარჯვებით აღნიშნა

გუშინ, ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-10 ტური დღეს დედაქალაქში გაგრძელდა.თბილისი არენაზე დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველში ერთმანეთს გაგრის “ამრა” და დედაქალაქის “რაში” შეხვდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, უფრო ზუსტად, მისი ბოლო წუთები, როცა ვითარება საბოლოოდ გამარჯვებული “ამრას” რამდენიმე შეცდომამ განაპირობა.

სანამ აღნიშნულზე გეტყვით, ერთ მნიშვნელოვან ფაქტს აღვნიშნავთ, რომელიც ამრას უკავშირდება. ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა გუნდმა სოლიდური შევსება მიიღო ეროვნული ნაკრების შემტევი უკანახაზელის, კახა ჯინჭარაძის სახით. ჯინჭარაძეს რაშთან მატჩში დებიუტი ჰქონდა და დიდებულადაც ითამაშა. მან შეხვედრა 23 ქულით, 8 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა, რითაც ამრას გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

თამაშის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე ჩაგდებულმა კახას სამქულიანმა ამრა 75:66 დააწინაურა და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა…თუმცა მივადექით ზემოთ ნათქვამ სიტყვებს. ასეთი უპირატესობის მიუხედავად გაგრელებმა შეხვედრა კინაღამ წააგეს. ყოველ შემთხვევაში, თამაშის დასრულებამდე 7 წამით დრე გარეტ ჰიქსის ორქულიანით რაშმა ანგარიში გაათანაბრა – 75:75 და დარჩენილ დროში, მეტოქის ნახევარზე არაფრისმომცემი ჯარიმა აიღო. ჯინჭარაძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო და ამრა 77:75 დააწინაურა.

მატჩის დასრულებამდე 5.8 წამი რჩებოდა და გარეტ ჰიკსმა სამქულიანი ესროლა, რომელიც მიზანს ასცდა, თუმცა ჰაერში ერთი შეხებითა და საფინალო სირენის თანხლებით ჯარეტ ჰენდერსონმა ის კალათში ჩააგდო. საჯებმა ფირი გადაახვიეს და ვიდეო-რეფერის საშუალებით დაადგინეს, რომ ჰენდერსონი დროში ვერ ჩაეტია. ბურთი არ ჩაითვალა და გამარჯვება ამრას დარჩა – 77:75 (სტატისტიკა).

ჯინჭარაძის მონაგარი გამცნეთ და გაგრელთაგან ასევე ისმაელ მასუდი გამოირჩა – 22 ქულა, 8 მოხსნა. 14 ქულა, 4 პასი და 4 მოხსნა მალიკ ტიდველმა მიითვალა. რაშის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ჯარეტ ჰენდერსონი, რომელმაც 22 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ჰიქსის ანგარიშზე 24 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.

ამრამ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში რაშს, კსუ-ს და გორის ივერიონს გაუთანაბრდა.