კახა ჯინჭარაძის 33 ქულა და ოლიმპის გამარჯვება მგზავრებთან

კახა ჯინჭარაძის 33 ქულა და ოლიმპის გამარჯვება მგზავრებთან

დასრულდა სუპერლიგის მე-10 ტური. დასკვნით მატჩში მეორე ადგილზე გადასვლის კანდიდატმა “ოლიმპმა” აუტსაიდერი “მგზავრები” დაძაბულ ბრძოლაში – 76:73 დაამარცხა და ხსენებულ ადგილზე დამკვიდრდა. პირველ წრეში დარჩენილ 1 ტურში ოლიმპელებს ლიდერი თსუ-ს დაწევის შანსი არ აქვთ, თუმცა დიდი ალბათობით ახალ წელს სწორედ მეორე ადგილზე შეხვდებიან.

“მგზავრებმა” წინა ტურში “დინამო” 41 ქულით გაანადგურა და ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალწვეული ლეგიონერები – ლოველ ქაბილი და ჯოზეფ როკა გახლდნენ. სწორედ კანადელი მსროლელის, ჯოზეფ როკას ზეშედეგიანი თამაშის წყალობით “მგზავრებმა” პირველი პერიოდი დამაჯერებლად – 26:20 მოუგეს “ოლიმპს” და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით იყვნენ წინ. როკამ პირველ პერიოდში 17, ხოლო პირველ ნახევარში 24 ქულა ჩააგდო და მისი შემჩერებელი ოლიმპელთაგან ვერ მოინახა.

დიდ შესვენებაზე დიმიტრი ჯაკობოვმა და მისმა თანაშემწეებმა “ოლიმპის” სათამაშო ტაქტიკა შეცვალეს. აქცენტი როკას პერსონალურ მეურვეობაზე და დაცვის გამაგრებაზე გაკეთდა. ჩანაფიქრმა გაამართლა და მესამე პერიოდში თამაში გათანაბრდა. რაკი როკა გააჩერეს, ოლიმპელებმა ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს ხელი, რასაც ნელ-ნელა, მეთოდურად ახორციელებდნენ. მესამე ათწუთეულში ჯაკობოვის გუნდმა მხოლოდ 2 ქულა გააბათილა, ხოლო ბოლო პერიოდში დაცვა კიდევ უფრო გაამაგრა და “მგზავრების” შემტევებს მოქმედების არეალი მაქსიმალურად შეუზღუდა. 

შედეგმა არ დაახანა და თამაშის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე, რევაზ როგავას სამქულიანით ანგარიში გათანაბრდა – 70:70. “მგავრების” მოთამაშეები, რომლებიც ამ მდრომდე, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, მეტოქის ძლიერმა თამაშმა არია. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრებმა გადამწყვეტ მომენტში,  ხელსაყრელი სიტუაციიდან არაერთხელ ააცილეს ბურთი, რაც წაგებად დაუჯდათ. “ოლიმპი” მობილიზებულად მიდიოდა გამარჯვებისკენ და კახა ჯინჭარაძის შედეგიანობით, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, მიზნამდე მივიდა. 

“ოლიმპმა” საბოლოოდ 76:73 გაიმარჯვა და პირველი წრის 10 მატჩის შემდეგ 6 გამარჯვებით მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდა. ჯაკობოვის გუნდს გამარჯვებისკენ კახა ჯინჭარაძე გაუძღვა, რომელმაც შეხვედრა 33 ქულითა და 13 მოხსნით დაასრულა. 17 ქულა ჰქონდა კორი ჰოლდენს, ვის შემდეგაც ყველაზე შედეგიანი 7-ქულიანი დევიონ ტერნერი გახლდათ. “მგზავრებში” 28 ქულით საუკეთესო იყო ჯოზეფ როკა, ანუ კანადელმა ლეგიონერმა მეორე ტაიმში მხოლოდ 4 ქულა მიითვალა. 18 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ტაჯ სპენსერმა.

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო, მე-11 ტური, 20-დან 22 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ოლიმპი – მგზავრები
სტატისტიკა: 76:73