კაკტუსის დამსახურებული გამარჯვება რუსთავში

კაკტუსის დამსახურებული გამარჯვება რუსთავში

 სტატისტიკადღეს რუსთავში სუპერლიგის გადადებული მატჩი გაიმართა,
რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა „კაკტუსს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით – 75:94 დამარცხდა.

ცხრილში ამ გუნდებს შორის გვარიანი სხვაობა იყო – ქვემოქართლურ
გუნდს კაკტუსელებზე 3-ით მეტი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და ფავორიტადაც ითვლებოდა,
თუმცა საბოლოოდ საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა.

პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგა და თბილისური გუნდის
მინიმალური უპირატესობით – 21:20 დასრულდა. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა შედეგიანობას უმატეს და დაწინაურდნენ კიდეც – 38:33 დიდ შესვენებამდე 2,30 წუთით ადრე. დარჩენილ
დროში კაკტუსელებმა შორი სროლებით ჩამორჩნა შეამცირეს და ტაილერ უაითის სამქულიანებით
პირველი ტაიმი 42:38 მოიგეს.

შესვენებიდან დაბრუნებული კაკტუსელები კიდევ უფრო შედეგიანად
ათამაშდნენ და გუნდური თამაშის წყალობით ჯერ 10 ქულით დაწინაურდნენ, შემდეგ კი 20-ამდეც
ავიდნენ. მესამე მეოთხედი სტუმრებმა 31:13 მოიგეს, 22 ქულით გალიდერდნენ და მატჩის
ბოლო ათწუთეულს აზრი ფაქტობრივად დაუკარგეს.

საბოლოოდ „კაკტუსი“ უპრობლემოდ მივიდა გამარჯვებამდე
და სუპერლიგაში მე-7 მოგება გაიფორმა. თბილისურ გუნდს 24 ქულით ტაილერ უაითმა ულიდერა.
20 ქულა ტერიკ ბრიჯმენის ანგარიშზე დაგროვდა, ხოლო ირაკლი ჩლაიძემ პირად ანგარიშზე
16 ქულა ჩაიწერა. რუსთაველთაგან 23 ქულით საუკეთესო შედეგი ქეისი კასპერბაუერმა დააფიქსირა,
ხოლო 16 ქულა სერგო ათუაშვილმა მოაგროვა. 
მატჩისშემდგომი კომენტარები

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთავარი მწვრთნელი):

„დღეს არ იყო ჩვენი დღე. ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობების
10 პროცენტი გამოავლინეს, რაც ძალიან მცირე იყო წარმატების მისაღწევად. ბევრი მუშაობა
გვმართებს, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“.

არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):

„რა თქმა უნდა, რუსთავი ძლიერი გუნდია, მით უმეტეს,
სახლში როცა თამაშობს, თუმცა ეს იყო ფაქტობრივად პირველი მატჩი, რომელშიც სრული შემადგენლობით ვითამაშეთ.
ტრავმების გამო ხან 2 კალათბურთელი გვაკლდა, ხან – 3, თუმცა როგორც იქნა, ყველა მომჯობინდა
და ეს შედეგზეც აისახა“. 

მირიან ჩხეიძის ფოტოები