სტატისტიკა გალერეაგუშინ ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის 25-ე ტური დღესთბილისში
გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 3 მატჩიდან პირველი დასრულდა. სუპერლიგის
ლიდერი „დინამო“ „კაკტუსს“ შეხვდა და 68:74 დამარცხდა.
ამ მატჩს კაკტუსელთათვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
გამარჯვების შემთხვევაში ეს გუნდი პლეი ოფის საგზურს ინაღდებდა და მიზანს მიაღწია კიდეც.
შედეგად, სუპერლიგის დებიუტანტმა უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა და პერსპექტივა
აქვს, წარმატების შემთხვევაში საპრიზო ადგილზეც გავიდეს.
რაც შეეხება „დინამოსთან“ მატჩს, კაკტუსელებმა დაძაბულ
ბრძოლაში მოიგეს. „დინამოს“ განაცხადში მხოლოდ 8 მოთამაშე ჰყავდა. კაკტუსელებმა პირველი
პერიოდი 2 ქულით – 17:19 წააგეს, რის შემდეგაც ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა წინ დამაჯერებლად
გაჭრას ვერ ახერხებდნენ. მატჩის ბოლო წუთზე დინამოელებმა ჩამორჩნა მინიმუმამდე შეამცირეს,
თუმცა გადამწყვეტ მომენტში „კაკტუსის“ მოთამაშეებმა მეტი მობილიზება და სიზუსტე გამოავლინეს
და გამარჯვებას მიაღწიეს.
გამარჯვებულებს 20 ქულით ირაკლი ჩლაიძემ ულიდერა. ტერიკ
ბრიჯმენმა 17 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. დინამოელთაგან კი 19 ქულით, 10 მოხსნითა და
6 პასით ლევან ფაცაცია გამოირჩა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი (კაკტუსის მთავარი მწვრთნელი):
„ჩვენი მიზანი იყო, სუპერლიგაშ ადგილი შეგვენარჩუნებინა
და ამ მიზანს დღევანდელი გამარჯვებით მივაღწიეთ. ვულოცავ ყველას, ვისაც გული შესტკივა
ამ გუნდზე. გუნდის ძველ წევრებს“.
ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ კაკტუსს წარმატებას. მე რამოდენიმე ტურის წინ აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია ავიცილოთ ტრავმები და პლეიოფს შევხვდეთ ფორმაში. სამწუხაროა დამარცხება ჩვენთვისაც და ალბათ უფრო ჩვენი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა რომელსაც მივყვებით, ჩვენი მოცემულობაა ვითამაშოთ თასის ნახევარფინალი სრული შემადგენლობით, ეგ არის და ეგ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.