“კაკტუსმა” “ოლიმპს” მოუგო

“კაკტუსმა” “ოლიმპს” მოუგო

სუპერლიგის 25-ე ტურის დღეს დაგეგმილი მატჩები დასრულდა. დღის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს “ოლიმპი” და “კაკტუსი” დაუპირისპირდნენ. ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების მატჩი დაძაბული უნდა გამომდგარიყო. დაძაბულობა კი იგრძნობოდა, მაგრამ ანგარიშში მთელი შეხვედრის მანძილზე არსებული სოლიდური სხვაობა თამაშს დამატებით ელფერს უკარგავდა.

“ოლიმპი” ერთ-ერთი ყველაზე ტრავმებით გატანჯული გუნდია, თუმცა დღევანდელ მატჩში ამ მხრივ არც “კაკტუსი” ჩამოუვარდებოდა. კაკტუსელებს აკლდათ 2 ამერიკელი ლეგიონერი – ტერიკ ბრიჯმენი და კრისტიან ჯონსონი, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი, არჩილ ჟღენტის გუნდს პირველი პერიოდი 31:10, ხოლო მეორე – 18:16 მოეგო. შესაბამისად, დიდი შესვენებისთვის კაკტუსელთა 23-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა, მეორე მეოთხედის მსვლელობისას კი ერთხანს სხვაობამ 30 ქულასაც გადააჭარბა.

 მეორე ტაიმიდან “ოლიმპმა” თამაში გამოასწორა. მოედანზე სულ სხვა გუნდი გამოვიდა, რომელმაც ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა და ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად ბოლო პერიოდი დარჩა. დიდი მონდომებისა და ბრძოლის ხარჯზე “ოლიმპის” მოთამაშეებმა ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება მოახერხეს და წინ კიდევ ხუთიოდ წუთი იყო, მაგრამ “კაკტუსმა” მეტოქეს მეტის საშუალება არ მისცა. საკვანძო ბურთების ჩაგდებისა და დაცვის გამაგრების ხარჯზე კაკტუსელებმა კვლავ მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა, რის გასაბათილებლად “ოლიმპს” დრო აღარ დარჩა.

საბოლოოდ “კაკტუსმა” 82:64 გაიმარჯვა, რაშიც 26-ქულიანი წილი დეანდრე პარსმა დაიდო. 22 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა დავით ლომიძემ, ხოლო ჯონ მიჩელმა ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. “ოლიმპში” საუკეთესო შედეგი რევაზ როგავამ დააფიქსირა – 17 ქულა, 9 მოხსნა. 12 ქულა მორის ჰილის ანგარიშზე დაგროვდა.

25-ე ტურის ბოლო მატჩი ხვალ, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:

„თასის ფინალში გასვლის შემდეგ, ერთი თამაში ჩავაგდეთ. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით. კარგად დავიწყეთ, პირველ ტაიმში დიდი უპირატესობით ვიგებდით, თუმცა შემდეგ ცოტა მოდუნდა გუნდი, ამიტომ ბოლო წუთებში  დაიძაბა თამაში, მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება და ჩვენ საბოლოოდ მოვახერხეთ გამარჯვება.“

 დავით როგავა – „ოლიმპის“ მწვრთნელი:

„სამწვრთნელო შტაბი წაგებას საკუთარ თავზე იღებს, სათანადოდ ვერ მოვამზადეთ გუნდი დღევანდელი მატჩისთვის, შედეგიც სახეზე იყო, პირველივე პერიოდში 20 ქულა წავაგეთ, დიდი შესვენებისთვის კი 30 ქულამდე გაიზარდა ეს სხვაობა. აქედან გამომდინარე, ამ თამაშის შემობრუნება უკვე შეუძლებელი იყო.“

ოლიმპი – კაკტუსი
სტატისტიკა: 64:82