გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-12 ტური დღეს თბილისში გრძელდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის შუაში მყოფი “კაკტუსი” და ერთ-ერთი აუტსაიდერი “ცხუმ-აფხაზეთი” შეხვდნენ. გამარჯვება ორივე გუნდისთვის ფასობდა, თუმცა ცხუმელებისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ბოლო ადგილზე მყოფი გუნდისთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, რადგან მეორე წრე დაწყებულია და დებულების თანახმად, რეგულარული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი ლიგას ტოვებს.
“ცხუმ-აფხაზეთს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის სადებიუტო მატჩი კარგად დაიწყო, თუმცა წარმატებულად ვერ დასრულდა. ცხუმელებმა “კაკტუსს” დიდი ბრძოლა გაუმართეს და პირველი ნახევარი მოუგეს კიდეც, თუმცა გადამწყვეტ, ბოლო პერიოდში გამარჯვებამდე მისასვლელად ძალები აღარ ეყოთ. “კაკტუსის” ამერიკელმა უკანახაზელმა, მაიკ დევისმა, რომელმაც საბოლოოდ 32 ქულა მიითვალა, გადამწყვეტ ეპიზოდში საკვანძო ბურთები ჩააგდო.
მთლიანობაში, გაიმარჯვა უფრო გუნდურად და შედეგიანად მოთამაშე “კაკტუსმა”. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე არჩილ ჟღენტის გუნდის უპირატესობამ 12 ქულას მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ “ცხუმ-აფზაზეთმა” ბოლო წუთზე ჩამორჩენა 5-მდე შეამცირა, საბოლოოდ მაინც ვერაფერს გახდა – 74:68 (სტატისტიკა) “კაკტუსის” სასარგებლოდ.
32 ქულით გამარჯვებულებს მაიკ დევისმა ულიდერა. 13 ქულა ჩააგდო მიხეილ ჭოჭუამ, 12 ქულა და 11 მოხსნა ჯასტინ ევერეტის ანგარიშზე დაგროვდა. “ცხუმ-აფხაზეთში” 20 ქულით ობრი მაკალპინი გამოირჩა, 12 ქულა ჰქონდა ვახტანგ გაფრინდაშვილს. ამ გამარჯვებით “კაკტუსი” 6-6 მოგებ-წაგებით მე-5 ადგილზე აღზევდა, “ცხუმ-აფხაზეთი” კი ბოლოზე დარჩა და საქმე გაირთულა.