საკალათბურთო კლუბი “კაკტუსი”, რომელიც პირველ წრეში უშედეგოდ ირჯებოდა და უმეტესწილად ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იყო, სუპერლიგაში ზედიზედ 3 მატჩი მოიგო და “ა” ლიგაში დაქვეითების საფრთხე ამ ეტაპისთვის თავიდან აიცილა. მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია გახდა, “კაკტუსს” სუპერლიგაში თამაში არ წაუგია.
კაკტუსელთა მორიგი მსხვერპლი “ვერა” გახდა. დავით გასიტაშვილის გაწვრთნილ ვერელებს ჩავარდნა აქვთ, რაც მოთამაშეთა ნაკლებობითაა განპირობებული. გუნდს ტრავმირებული ჰყავს ობრი მაკალპინი და დარელ ბრაუნი, ხოლო თაჩ უნრუჰი მაკედონიაში გაემგზავრა და კარიერას იქაურ კლუბში აგრძელებს.
პირველი წრის 10 მატჩიდან ვერელებმა 8 მოიგეს, მეორე წრეში კი 4 შეხვედრიდან უკვე მესამედ წააგეს. დღევანდელ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. “კაკტუსმა” პირველი პერიოდი მხოლოდ 1 ქულით მოიგო, მეორედან კი გაილაღა და მეტოქე ახლოს აღარ გაიკარა. მეორე ათწუთეული ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა 21:7 მოიგო, დიდი შესვენებისთვის 15 ქულით გალიდერდა და მას შემდეგ პრობლემა აღარ შეჰქმნია.
საბოლოოდ კაკტუსელებმა 92:74 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს და ცხრილში მე-6 ადგილზე აღზევდნენ. გუნდს 27 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით რევაზ როგავამ ულიდერა. 19 ქულა დერიკ ნიუტონმა, ხოლო 16 – დენზელ ლივინგსტონმა მიითვალეს. “ვერაში” 29 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო ზაკ სელიასი. 15 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ვახტანგ ქადარიამ.