დღეს სუპერლიგის მე-7 ტურის 1 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს ცხრილის შუაში მყოფი “მგზავრები” და ერთ-ერთი აუტსაიდერი “კაკტუსი” შეხვდნენ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სანამ სხვა გუნდები ითამაშებენ, ცხრილში მე-2 ადგილზე აღზევდა.
“კაკტუმა” სუპერლიგა “ოლიმპის” დამარცხებით დაიწყო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 6 მარცხი განიცადა და ამ ეტაპზე უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია. არჩილ ჟღენტის გუნდმა 2 ამერიკელი გაუშვა და ჯერჯერობით ერთი ახალი ლეგიონერი ჩამოიყვანა – დელანო სპენსერი, რომელმაც დღევანდელ მატჩში ყველაზე მეტი – 37:14 წუთი ითამაშა და 23 ქულა მოაგროვა. მისი სამქულიანების პროცენტულობა არასახარბიელო იყო – 9 ცდიდან მხოლოდ 1 ჩააგდო, თუმცა ეტყობა, რომ ყოჩაღია და კაკტუსელებს გამოადგებათ.
მატჩის ბედი მესამე პერიოდი გადაწყდა. დიდი შესვენებისთვის “მგზავრები” 8 ქულით იგებდნენ, მომდევნო პერიოდში კი 31:20 იმარჯვეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 19 ქულით გალიდერდნენ. თამაში ისე ჩამთავრდა, “მგზავრების” მოგებას საფრთხე არ დამუქრებია. გამარჯვებულებს 26 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 22 ქულა ჯეიკობ არმსტრონგის ანგარიშზეა, ხოლო ადრიან ბოუიმ გამარჯვებულებს 19 ქულა მიაშველა. “კაკტუსში” 23 ქულით ზემოთნახსენები დელანო სპენსერი გამოირჩა. 21 ქულა ნიკოლას ნილმა, ხოლო 19 – ბექა ჩიკვილაძემ დააგროვა.
დღესვე რუსთავში სუპერლიგის მე-7 ტურის მატჩი გაიმართა. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა “რუსთავმა” “შსს აკადემია-ტიტებს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 81:86 წააგო.
კაკტუსი – მგზავრები
სტატისტიკა: 88:102
რუსთავი – შსს აკადემია-ტიტები
სტატისტიკა: 81:86