კავკასიამ ბათუმში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა

კავკასიამ ბათუმში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა

კავკასიისა და ბათუმის მეოთხედფინალურმა დაპირისპირებამ აჭარაში გადაინაცვლა, სადაც დღეს სერიის მე-3 მატჩი გაიმართა. მოგეხსენებათ, სერიის საწყის მატჩებში მეტოქეებმა მოგებ-წაგება გაიყვეს და მორიგ დაპირისპირებას თანაბარი ანგარიშით (1:1) შეხვდნენ. 

ბათუმელებმა თბილისში მოპოვებული გამარჯვებით მოედნის უპირატესობა მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სერიის მომდევნო, შინ გასამართ მატჩებს თუ მოიგებდნენ, აჭარელები ნახევარფინალში გავიდოდნენ. არ გამოვიდა. მომდევნო შეხვედრაშივე კავკასიამ მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმში დამაჯერებლად ითამაშა, მძლავრი და ტაქტიკურად დალაგებული შეხვედრა ჩაატარა და ისე გაიმარჯვა, სანერვიულო თითქმის არ ჰქონია.

კავკასიელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი ლიდერობა, რომელსაც მატჩის მსვლელობისას პერიოდულად ზრდიდნენ. მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობით წააგეს, თუმცა ამას პლეი ოფში მნიშვნელობა არ აქვს. წაგება წაგებაა და სხვაობა რამდენიც გინდა იყოს, სერიის მაინც ერთ ქულად ფასობს. კავკასიამ საბოლოოდ 82:72 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

კაკვასიელთა გამარჯვების ძირითადი მიზეზი გუნდური თამაშია. გუნდის ყველა წევრმა, რომელსაც სათამაშო დრო მიეცა, მაქსიმუმი გაიღო. არცთუ დიდი ანგარიშის კვალობაზე 5-მა მოთამაშემ 10-ქულიანი ზღვარი დაძლია, რომელთა შორის, ყველაზე მეტი, 17 ქულა, ილია ლონდარიძემ მიითვალა. 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა აიზია ელისმა, ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ბათუმელთაგან 25 ქულით ჯორდან სეშენი გამოირჩა. გიორგი ოჩხიკიძემ შეხვედრა 15 ქულითა და 4-4 მოხსნა-პასით დაასრულა.

სერიის მომდევნო მატჩს ისევ ბათუმი უმასპინძლებს. შეხვედრა 25 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.