კავკასიამ მეგა ბოლო წუთებზე დაამარცხა

კავკასიამ მეგა ბოლო წუთებზე დაამარცხა

დუდუ დადიანის გამარჯვებულმა კავკასიამ სუპერლიგაც მოგებით გახსნა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი გუნდი მეგას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 90:84 (სტატისტიკა) სძლია. გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთზე გამოვლინდა, მანამდე კი დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.

პირველი პერიოდი კავკასიამ 11 ქულით – 32:21 მოიგო და თითქოს საქმე არ უნდა გართულებოდა, თუმცა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მეგას მოთამაშეებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ ანგარიშში სხვაობამ კლება იწყო და ლიდერო დიდ შესვენებამდე შეიცვლა. ამერიკელი ლეგიონერის, რონი როზიეს ლიდერობით მეგამ მეორე პერიოდი 23:11 მოიგო და ტაიმის შემდეგ 34:33 დაწინაურდა.

მეგამ წარმატებული თამაში დიდი შესვენების შემდეგაც განაგრძო და მესამე პერიოდის შუაწელში 10 ქულით დაწინაურდა, რის შემდეგაც კავკასიელებს გადაწყობა მოუხდათ. დაცვა გაამაგრეს და სწრაფ შეტევებზე გადაერთნენ. ამასობაში მიზანი გაისწორა კავკასიელთა სნაიპერმა უკანახაზელმა კრის მაკნილმა, რომელმაც შორი თუ ახლო დისტანციებიდან დალაშქრა მეტოქის კალათი და თამაში ბოლო პერიოდში ისევ თანაბარ კალაპოტს დაუბრუნდა. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო წუთების დროს კვანძი ისევ მაკნილმა და კავკასიის კიდევ ერთმა ლეგიონერმა, ჯასტინ ფორესტმა გახსნეს, რომლებმაც სამქულიანები მიითვალეს და თავისი გუნდი მიუწვდომელი გახადეს.

გამარჯვებულთაგან სარგებლიანობის საუკეთესო ინდექსი აიზია ელისმა დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 22 ქულით კავკასიაში ბომბარდირი კრის მაკნილი გახდა, რომელმაც  7 პასიც გაიღო, ხოლო ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე 21 ქულა და 6 პასი დაგროვდა. მეგაში და მთლიანად მატჩში 32 ქულით, 8 პასითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო რონი როზიე. 17 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 15 – ოთარ ბულიავამ დააგროვა.