სუპერლიგის მე-8 ტური ქუთაისში, საოცარი მატჩით დასრულდა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილი კავკასია, რომელიც მე-2 პერიოდის ბოლო წუთზე 20 ქულით – 33:53 აგებდა, მასპინძელ ქუთაისს თამაში 83:82 (სტატისტიკა) მოუგო. კავკასიელებმა მოახერხეს სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერის მისსავე მოედანზე დამარცხება და ეს 20-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად შეძლეს.
მართალია, ქუთაისს აკლდა მიხეილ ბერიშვილი და აკაკი დვალიშვილი, თუმცა ეს წაგების გასამართლებელ მიზეზად ვერ გამოდგება. კავკასიას ამ მატჩამდე 6-დან მხოლოდ 2 მოგება ჰქონდა, ქუთაისს კი პირიქით – 6-დან მხოლოდ 2 წაგება და თან კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი საკუთარ მოედანზე თამაშობდა.
კავკასიელებმა გუნდურად, დაბალანსებულად ითამაშეს, ხოლო გადამწყვეტ მომენტში ლევან გოგიჩაიშვილი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 82:81 მოლიდერე ქუთაისს საფინალო სირენამდე 4.5 წამით ადრე ორქულიანი ჩაუგდო და მატჩის ბედი გადაწყვიტა. კავკასიელებმა უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს და სუპერლიგის 3 წაგებით დაწყების შემდეგ ცხრილის შუაში გამაგრდნენ.
მომდევნო, მე-9 ტური, 8, 9 და 10 დეკემბერს – გურჯაანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება.