უაღრესად დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა სუპერლიგის მორიგი მატჩი. სუპერლიგის მე-9 ტურის ეგიდით დღეს დაგეგმილი 3 მატჩიდან მხოლოდ ერთი იყო თბილისში და სწორედ ეს გამოდგა უკომპრომისო. დათმობა არც კავკასიას სურდა და არც რაშს – თითქოს ამის გამოც იყო, რომ შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. ახლოს იყო მეორე ოვერტაიმიც, თუმცა საბოლოოდ კავკასიამ მინიმალური სხვაობით – 94:93 (სტატისტიკა) იმარჯვა და მოგებ-წაგებები გაითანაბრა.
შეხვედრა ზუსტად ისეთი დაძაბული გამოდგა, როგორიც სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით ეკუთვნოდა. ორივე გუნდს თანაბარი მოგებ-წაგება (3/4) ჰქონდა, ცხრილში გვერდიგვერდ იყვნენ. შესაბამისად, გამარჯვება ორივეს ჰაერივით სჭირდებოდა, რათა შედარებით მძიმე სტარტის შემდეგ წელში გამართულიყო.
რაში დებიუტანტია და გასულ 7 მატჩში 3 მოგება ჰქონდა მოპოვებული, რაც ცუდი შედეგი არაა. აი, კავკასიისთვის სუპერლიგის 3 წაგებით დაწყება ნამდვილი ჩავარდნა იყო და გუნდის შემადგენლობაში, ისევე როგორც მწვრთნელთა შტაბში, ძირეული ცვლილებები მოხდა. რომ არაფერი ვთქვათ მწვრთნელისა და 2 ლეგიონერის ცვლილებაზე, კავკასიელებმა დღევანდელ მატჩშიც ახალწვეული ათამაშეს. წინა სეზონში კავკასიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ბექა წივწივაძის გუნდს ბრინჯაოს მედლის მოპოვებაში დიდად დაეხმარა, ისევ ჩამოვიდა. ჯასტინ ფორესტმა შედეგიანობით თავი ვერ გამოიჩინა (მხოლოდ 5 ქულა ჰქონდა), თუმცა გადამწყვეტ მომენტში ის მოედანზე იდგა და კავკასიელებს მოგებაში ხელი შეაშველა.
რაშის გუნდის წევრთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე პერიოდის მიწურულს 18 ქულით ჩამორჩენის მიუხედავად არ გატყდნენ და დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე მოსაგებად შემართულები დაბრუნდნენ. მესამე პერიოდში მომხდარ კონფლიქტს ორივე გუნდის წამყვანი მოთამაშეების გაძევება მოჰყვა – კავკასიას ნიკოლოზ გაფრინდაშვილი გამოაკლდა, ხოლო რაშს ევან მილიგანი. მათთან ერთად სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესული ორივე გუნდის მოთამაშეებსაც დაატოვებინეს დარბაზი.
მესამე პერიოდი რაშმა 30:15 მოიგო, ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა და ბოლო პერიოდში წინაც გავიდა. ის კი არა, რაში ორჯერ ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან: ერთხელ ძირითადი დროის, ხოლო მეორედ – ოვერტაიმის ამოწურვამდე წამებით ადრე. პირველ შემთხვევაში სირენამდე 2.2 წამით ადრე ლევან გოგიჩაიშვილმა გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო და ძირითადი დრო 82:82 დასრულდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ამერიკელმა გრეგ ფარჰემმა ოვერტაიმის ამოწურვამდე 1.2 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო – 94:93.
გამარჯვებულთაგან 23 ქულითა და 8 პასით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი. 17 ქულა ლევან გოგიჩაიშვილმა მოაგროვა, ხოლო გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა ფერჰემმა თავი 15 ქულას და 6 მოხსნა მოუყარა. რაშის შემადგენლობაში 20 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით ენტონი ელსტონი გამოირჩა. ვახტანგ გაფრინდაშვილმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.
სუპერლიგის მე-9 ტურის კიდევ 2 მატჩი დღეს ტყიბულსა (ორბი-ქუთაისი) და გორში (ივერიონი-რუსთავი) გაიმართება.