კავკასიამ ზესტაფონის მარგვეთს მოუგო

კავკასიამ ზესტაფონის მარგვეთს მოუგო

სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტური დღეს 2 მატჩით სრულდება, რომელთაგან 1 უკვე ჩატარდა. თბილისი არენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:81 (სტატისტიკა) დაამარცხა. ამით კავკასიელებმა იმერულ კლუბს რევანში აუღეს, რომელთანაც პირველ წრეში უშანსოდ (73:94) დამარცხდნენ. 

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კავკასიელებმა პირველი პერიოდი 10 ქულით (25:15) მოიგეს და ლიდერობას მეორე პერიოდის ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ. ზესტაფონელთა ამერიკელი ცენტრის, ტაიშონ კროუფორდის ძალისხმევით, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ზედიზედ 3 ბურთი ჩააგდო, მარგვეთმა ტაიმის დასკვნითი წუთნახევარი 9:0 მოიგო და დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში გავიდა – 45:43.

მესამე პერიოდიდან თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის შემდეგ, კავკასიელთა ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯავაუნ დენიელსმა ჯერ სამიანი, შემდეგ ორიანი ჩააგდო და კავკასია გაალიდერა. ამის შემდეგ თამაშის ბოლომდე კავკასიელები 5-8 ქულიან ლიდერობას ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე მარგვეთს შანსი მიეცა. ტაქტიკური ჯარიმებით, მარტი ჯექსონის სამქულიანით და ბოლომდე შეუპოვრობით მარგვეთმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შესაძლებლობა მიიღო. დენიელსმა ორიდან 1 საჯარიმო ააცილა და 81:84 ჩამორჩენილ ზესტაფონელებს შეტევა და 10 წამი დარჩათ. 

აქ კი ისეთი რამ მოხდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება კალათბურთში. მოთამაშეს სამქულიანის სროლაში, რა თქმა უნდა უნებლიედ, მაგრამ საკუთარმა გუნდელმა შეუშალა ხელი. მარგვეთის სნაიპერმა, მაიკლ მეისმა ბურთი მიიღო და გამთანაბრებელი სროლის დროს თანაგუნდელ ტაიშონ კროუფორდს ოდნავ შეეჯახა, რის გამოც კოორდინაცია დაკარგა და ბურთმა ფარამდე ვერ მიაღწია.

გამარჯვებულ კავკასიას ჯავაუნ დენიელსმა და აიზია ელისმა ულიდერეს. პირველმა 30 ქულა ჩააგდო, მეორემ – 15 ქულა და 11 მოხსნა. 11-11 ქულა ლუკა მაზიაშვილმა და ჯასტინ ფორესტმა მიითვალეს. მარგვეთში 18 ქულითა და 11 მოხსნით კროუფორდი გამოირჩა. 20 ქულა ჰქონდა მაიკლ მეისს, ხოლო 14 მალიქ ჯეიკობსს.

ტური დღეს, გორში დასრულდება, სადაც ივერიონი დაკარგული ქულების მიხედვით ჩემპიონატის ლიდერ თსუ-ს უმასპინძლებს.

მატჩის სრული ვიდეო-ტრანსლაცია