პირველად, მიმდინარე სეზონში, სუპერლიგის ტური შუა კვირაში
იმართება. ხუთივე მატჩს თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს.
პირველივე შეხვედრაში
საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა. „ბათუმის“ მსროლელმა ლაშა კეშელავამ 41 ქულით მიმდინარე
სეზონის რეკორდი დაამყარა.
ბათუმელთა მეტოქე მოქმედი ჩემპიონი „არმია“ გახლდათ,
რომელმაც პირველ წრეში 2 წაგება განიცადა და ყველა მატჩს მობილიზებით ხვდება. ამ თამაშის
შედეგი ძნელი გამოსაცნობი არ იყო და მოულოდნელობა არც მომხდარა – არმიელებმა პირველივე
ტაიმში იმხელა უპირატესობა მოიპოვეს, რომ შეხვედრის ბედი დიდ შესვენებამდე გადაწყვიტეს.
კოტე ტუღუშის გუნდმა საბოლოოდ 99:76 გაიმარჯვა.
ეხლა იმ რეკორდებზე ვთქვათ, ბათუმელმა ლაშა კეშელავამ
რომ დაამყარა. მიმდინარე და არც გასულ 3 სეზონში 10 სამქულიანი არავის ჩაეგდო. ბათუმელმა
სნაიპერმა შესაშური შედეგიანობა გამავლინა და 15 ცდიდან 10 სამიანი ჩააგდო. საბოლოოდ
კეშელავამ 41 ქულა დააგროვა და მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აქამდე
საუკეთესო შედეგს 4 კალათბურთელი იყოფდა: რუსთაველი ნეით ბოუი, თსსუ-ელი გიორგი რევაზაშვილი,
ქუთაისელი რიჩარდ მათიაშვილი და დინამოელი ქიან კარტერი – ყველა ამ კალათბურთელს
31-31 ქულა ჰქონდათ მოგროვებული, კეშელავამ კი ეს შედეგი მთელი 10 ქულით გააუმჯობესა.
კეშელავას შემდეგ „ბათუმში“ შედეგიანი ნიკა რამიშვილი
იყო 17 ქულით, ხოლო არმიელებში ქულები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. 10-ქულიან
ზღვარს ხუთმა კალათბურთელმა მიაღწია, რომელთაგან საუკეთესო მარკუს ფეისონი იყო 18 ქულით.
მომდევნო მატჩი ცენტრალურია, რომელშიც ერთმანეთს შინაგან
საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი და „დინამო“ დაუპირისპირდებიან.
მატჩიშემდგომი პრესკონფერენცია:
კოტე ტუღუში (არმია): მეტოქე გუნდის
რიგებში დამყარდა რეკორდი, რაც სამწუხაროდ დაცვაში ჩვენს არასათანადო გარჯაზე მეტყველებს.
ლაშა კეშელავამ ნამდვილად კარგად იასპარეზა, რაც სეეხება არმიას, ვფიქრობ ჩვენ გუნდს კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მართებს თამაში, განსაკუთრებით კი დაცვაში.
მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი): რთულია ასეთ ძლიერ გუნდთან დაპირიპირება, თუმცა ჩვენს
ყველა მატჩი ბოლომდე ვიხარჯებით და ვბრძოლობთ.
თამაშით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არ ვარ, ერთადერთი პლიუსი ჩვენს გუნდში ლაშა
კეშელავას კარგი ასპარეზობა იყო. არმია ჩვენი
კონკურენტი არ არის და ვეცდებით უშუალო მეტოქეებთან
მივაღწიოთ მიზანს.
გიორგი ჯგერენაია
(არმია): ლაშა კეშელავას მეურვეობას მე ვუწევდი, რაც ძალიან
რთული აღმოჩნდა. მეტოქემ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია, რაც შეგვეხება
ჩვენ, ბევრი შეცდომა გვქონდა, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
ლაშა კეშელავა
(ბათუმი): მივულოცავ არმიას გამარჯვებას. ეს მოსალოდნელიც იყო.
იმედია, გამარჯვებას ჩვენს უშუალო კონკურეტებთან
მოვიპოვებთ.