მინერალური წყალი „ბორჯომი“
უკვე მეოთხე წელია საქართველოს ეროვნული ნაკრების პარტნიორია. დღეს სპორტისა
და ახალგაზრდობის სამინისტროში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ
და კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა
ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად,
მსოფლიოში სახელგანთქმული „ბორჯომი“ 2014 წელს, წინა წლების
მსგავსად, კვლავ საქართველოს ნაკრების პარტნიორი იქნება.
ზაზა კიკვაძე, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალური დირექტორი:
„საქართველოს ეროვნული ნაკრები
„ბორჯომის“ მხარდაჭერის გარეშე აღარ წარმომიდგენია, სწორედ ამიტომ უკვე მეოთხე წელია
მხარს ვუჭერთ ეროვნულ ნაკრებს. „ბორჯომი“ ქართული ბრენდია და გარკვეულწილად ვალდებულებიც კი ვართ გვერდით დავუდგეთ გუნდს, რომელსაც ასეთი დიდი მისია აკისრია. მინდა წარმატება ვუსურვო
ჩვენს კალათბურთელებს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, იმედი მაქვს მომავალ წელს ყველანი
ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ნაკრებს უკვე ევროპის ჩემპიონატზე უკრაინაში“.
მიხეილ გაბრიჩიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
,,საერთაშორისო ასპარეზზე
“ბორჯომის” მინერალური წყალი ყოველთვის საქართველოს სახელთან ასოცირდება,
ამიტომ მოხარულნი ვართ, რომ ის კვლავ ჩვენი გენერალური პარტნიორი იქნება. იმედი გვაქვს
კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა.
ჩვენი ნაკრები ქართულ ბრენდთან ერთად კიდევ უფრო დიდ ყურადღებას მიიპყრობს მთელ ევროპაში”.
ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევი თამაშები 2014 წლის
10 – 27 აგვისტოს გაიმართება. უკვე ცნობილი არიან ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეტოქეები. E ჯგუფში საქართველო ჩეხეთთან,
პორტუგალიასთან და უნგრეთთან მოხვდა. ქართველები ევროშესარჩევ
ტურნირს 10 აგვისტოს შინ, ჩეხეთთან მატჩით იწყებენ, რის შემდეგაც 3 გასვლითი თამაში
აქვთ – 13 აგვისტოს უნგრეთში, 17 აგვისტოს – პორტუგალიაში და 20 აგვისტოს – ჩეხეთში.
საქართველო შესარჩევ ტურნირს ორი საშინაო მატჩით დაასრულებს – 24 აგვისტოს უნგრეთს
უმასპინძლებს, ხოლო 27-ში – პორტუგალიას.