საკალათბურთო სუპერლიგის მე-10 ტური დღეს ბათუმში დაიწყო. 24 დაგეგმილი რეგიონული დერბი 3 დღით გადმოიწია და დღეს, აჭარის დედაქალაქში გაიმართა. ბათუმმა რუსთავს უმასპინძლა და 19 ქულით – 87:106 (სტატისტიკა) დამარცხდა. სუპერლიგაში ამ სეზონში გამართული 46 მატჩიდან ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საინტერესო, დაძაბულობისგან შორს მდგომი შეხვედრა. პირველი ნახევრის შემდეგ მატჩის ბედი გარკვეული იყო – სტუმარი გუნდი 36 ქულით – 67:31 იგებდა და საკითხავი ისღა იყო, საბოლოოდ რა ანგარიში დაფიქსირდებოდა.
რუსთაველებმა დიდებულად ითამაშეს. ბათუმს თავიდანვე სწრაფი თამაში შესთავაზეს და ითქმის ყველა კომპონენტში მეტოქეზე უკეთესად ირჯებოდნენ. პირველი პერიოდი 33:17 დასრულდა, მეორეში ქვემოქართლელებმა 34:14 იმარჯვეს და თამაშს სპორტული ინტერესი დაუკარგეს. რუსთაველთა წარმატების სულისჩამდგმელი ამერიკელი ლეგიონერი ტრეი კროფტი გახლდათ, რომელმაც მიმდინარე გათამაშების რეკორდი დაამყარა. აქამდე ყველაზე მეტი – 13 პასი თსუ-ელ გიორგი ცინცაძეს ჰქონდა, რომელიც კროფტმა 3-ით გააუმჯობესა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 28 ქულა, 16 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა.
კროფტმა მეორე რეკორდი საერთო სარგებლიანობაშიც დააფიქსირა. მისი სტატისტიკის გამაერთიანებელმა ინდექსმა 45 შეადგინა, რაც 2-ით მეტია ტიტების უკანახაზელის, ლუკ მოიერის მონაგარზე. აღსანიშნავია, კრიფტთან ერთად დიდებულად ითამაშეს რუსთაველმა კალათბურთელებმა – გუგა პატაშურმა (24 ქულა), რევაზ როგავამ (18 ქულა, 9 პასი), ლუკა ბულაშვილმა (16 ქულა). მატჩის ბომბარდირი კი ბათუმელთაგან იყო – კაილი რიდლიმ 32 ქულა მოინაგრა, თუმცა მის გუნდს ვერაფერი უშველა.
სუპერლიგის მორიგი მატჩები 23 და 24 დეკემბერს – ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.