სუპერლიგას 2 დაუმარცხებელი გუნდი შემორჩა – “ქუთაისი” და “რუსთავი”. იმერული კლუბი 5 მოგებითაა, ქვემოქართლელებს კი მიზეზთა გამო რამდენიმე მატჩი გადაედოთ და დღევანდლამდე 3-დან 3 მოგებით იყვნენ. დღეს კი ანატოლი ბოისას გაწვრთნილ “რუსთავს” სერიოზული გამოცდა ჰქონდა – 5 მოგებითა და 2 მარცხით სუპერლიგის ცხრილის პირველადგილოსანი თსუ. შეხვედრა ქვემოქართლელთა სოლიდური უპირატესობით წარიმართა და მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა, თუმცა თსუ-მ ტრადიციულად ბოლომდე იბრძოლა და ბოლოს ცოტაც რომ გამართლებოდა, გვარიან სენსაციას დააფიქსირებდა.
ბოლოსწინა პერიოდის შემდეგ “რუსთავი” 20 ქულით – 70:50 იგებდა და თითქოს ყველაფერიც გადწყვეტილი იყო, თუმცა თსუ ის გუნდია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე და მთელი შემართებით იბრძვის. უნივერსიტეტელებმა თამაშის განახლებისთანავე გააბათილეს 5 ქულა და როცა წარმატებული თამაში განაგრძეს,რუსთაველთა მწვრთნელს წუთშესვენებების აღება მოუხდა. ამავდროულად ქვემოქართლელებს ცენტრი გეგი ბაქრაძე გაუვარდათ და თსუ-ელებმა საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს.
რუსთაველებს დალაგებული თამაში აერიათ, მწვრთნელს აღარც წუთშესვენებები დარჩა და გუნდი ინდივიდუალურ თამაშზე გადავიდა. სადავეები ამერიკელმა უკანახაზელებმა აიღეს. განსაკუთრებით მაიკ დევისი გამოირჩა, რომელმაც საშუალო და შორი სროლებით რუსთაველებს ლიდერობა გაიმყარა და მოგება გაუნაღდა.
საბოლოოდ ქვემოქართლელებმა 92:85 (სტატისტიკა) მოიგეს და 4-დან 4 გამარჯვებით ცხრილში მე-4 ადგილზე არიან, თუმც დაკარგული ქულებით “ქუთაისის” კვალად სუპერლიგას ლიდერობენ. რუსთაველთა შორის 28 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო მაიკ დევისი. 22 ქულა და 14 მოხსნა ჯილან ვაშინგტონის ანგარიშზეა. გიორგი თვალაბეიშვილმა გამარჯვებულებს 14 ქულა შეაშველა. თსუ-ში 24 ქულით საუკეთესო იყო ბრაის სმიტი, 17 ქულა და 16 მოხსნა ქუენთინ დავმა მიითვალა, ბრენდონ სლაის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.
დღეს მეორე მატჩი გაიმართება: “კაკტუსი” “ვერას”წინააღმდეგ: LIVE