ერთთვიანი პაუზის შემდეგ სუპერლიგა დრამატული მატჩით დაბრუნდა. ბათუმში გაიმართა მე-13 ტურის პირველი შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა “კავკასიას” უმასპინძლა და ბოლო წამზე – 108:109 (სტატისტიკა) დამარცხდა. განსაკუთრებით დაძაბულად წარიმართა მე-2 ოვერტაიმის ბოლო წამები, რომლის გმირიც ლუკა მაზიაშვილი გახდა.
კავკასიას უკანახაზელმა მეორე ოვერტაიმის ბოლო წამებზე, ეროვნული ნაკრების უკანახაზელი რევაზ როგავა ჩამოიშორა, საჯარიმოდან პერიმეტრზე აიწია და სამქულიანი ესროლა. ბურთი ჰაერში იყო, მე-2 დამატებითი 5-წუთეულისთვის განკუთვნილი დრო რომ ამოიწურა. მაზიაშვილის ნასროლი კალათში ჩაეშვა და მანამდე 106:108 ჩამორჩენილმა კავკასიამ ქულით იმარჯვა.
არადა, ბათუმელები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ და რომ იტყვიან, მოგება ჯიბიდან ამოაცალეს. თავად განსაჯეთ: მასპინძლები 2 ქულით იგებდნენ, როცა მე-2 ოვერტაიმის დასრულებამდე 46 წამით ადრე შეტევა წამოიწყეს. შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამებზე რევაზ როგავამ ორქულიანით შეუტია, თუმცა არაზუსტად და ფარიდან ასხლეტილი ბურთი ბათუმელებს დარჩათ. ბათუმელებს ამჯერად შესატევად 14 წამი მიეცათ, ოვერტაიმის დასრულებამდე კი 26 წამი იყო. როგავამ ისევ ბოლომდე გაათამაშა ბურთი და ბოლო მომენტში სამქულიანი ესროლა. ბურთმა კალათზე იხტუნავა და რკალში არ ჩაეშვა.
ფარიდან ასხლეტილი ბურთი კავკასიელმა გოლიათმა, აიზია ელისმა მოხსნა, გრეგ ფარჰემს გადააწოდა, რომელმაც მოედანი სწრაფად გადალახა და პერიმეტრზე მდგარ ლუკა მაზიაშვილს გადააწოდა. მერე რაც მოხდა, ზემოთ დავწერეთ და ვიდეოშიც ნახავთ. აქ კი მცირე სტატისტიკა: გამარჯვებულებს ელისმა ულიდერა, რომელმაც 28 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა ილია ლონდარიძეს, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. 17 ქულა ჯავაუნ დენიელსის ანგარიშზეა, ხოლო გამარჯვების ბურთის ჩამგდებმა მაზიაშვილმა 9 ქულა, 5 პასი და 4 ჩაჭრა გაიფორმა.
სუპერლიგის XIII ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა 2 და 3 მარტს – თბილისსა და გურჯაანში გაიმართება.