სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გრძელდება რუბრიკა N1 (კალათბურთი პირველია), სადაც კალათბურთის
შესახებ ცნობილი ადამიანები საუბრობენ.
ამჯერად N1-ის სტუმარი ცნობილი ტელეწამყვანი და
მოდელი მანიკა ასათიანია. მანიკა ,,არმიის” კალათბურთელის, ბექა წივწივაძის მეუღლეა
და ყოველთვის აქტიური გულშემატკივრობით გამოირჩევა. ყველასთვის საყვარელი წამყვანი
სპორტის სასახლეში ,,არმიისა” და ,,დინამოს” დაპირისპირებას დაესწრო, რის შემდეგაც
კალათბურთის შესახებ გავესაუბრეთ.
– რა ადგილი
უჭირავს სპორტს თქვენს ცხოვრებაში?
–
სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა, ჩემი ცხოვრების
განუყოფელი ნაწილია. კალათბურთი კი ჩემი საყვარელი სპორტია, მით უმეტეს, რომ 4 წელია კალათბურთელი მეუღლე მყავს.
მართალია
სპორტის ამ სახეობას ადრეც ვადევნებდი თვალს,
რადგან კალათბურთელი ბიძები მყავს, თუმცა კალათბურთში
ჩემი აქტიურად ჩართვა ბექას გაცნობის შემდეგ მოხდა. უჩემოდ მგონი მისი არცერთი მატჩი არ ჩატარებულა.
გარკვეული ვარ კალათბურთის წესებში და უცხოურ კალათბურთსაც ყოველთვის ვუყურებ.
– თქვენი აზრით, რით არის გამორჩეული სპორტის ეს სახეობა?
–
კალათბურთი ძალიან ლამაზი და სწრაფი სპორტია. ფეხბურთიც
მიყვარს, მაგრამ კალათბურთი სულ სხვაა. ბოლო
წუთამდე არ იცი როგორ დამთავრდება მატჩი. წამებში წყდება თამაში ბედი და ეს ყველაფერი
ძალიან მომწონს.
–
რომელი შეხვედრა გახსენდებათ
ყველაზე ემოციურად? რომელი იყო ყველაზე სასიხარულო გამარჯვება და პირიქით, ყველაზე
სამწუხარო მარცხი?
–
,,არმიის” აქტიური და ერთგული გულშემატკივარი ვარ,
ყველა თამაშს ვესწრები. საერთოდ, სადაც ბექა
თამაშობდა, იმ გუნდის გულშემატივარი ვიყავი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ “არმია” განსაკუთრებით მიყვარს. დალაგებული,
შეკრული გუნდია, სწორ კალათბურთს თამაშობს და შიდა სამზარეულოსაც კარგად ვიცნობ.
ამასთან,
ჩემთვის ისიც საამაყოა, რომ ,,არმია” მხოლოდ ქართველი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული
და დიდ წინააღმდეგობას უწევენ ლეგიონრებს, რომლებსაც, პირადად მე, განსაკუთრებით ძლიერებად
არ ვთვლი.
,,სოხუმთან”
წაგება ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, მიმაჩნია, რომ მაშინ ჩვენ წავაგეთ და არა სოხუმმა
მოიგო. კარგად კი ,,არმიის” გამარჯვება მახსენდება
,,დინამოსთან” შარშანდელ პლეიოფის მატჩში. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო და ბოლომდე
ჩართული ვიყავი, მთელი ხმით ვგულშემატკივრობდი ბიჭებს. ჩემი ფოტოებიც კი იდო სუპერლიგის
ვებ-გვერდზე.
– რას ნიშნავს კალათბურთელის
ცოლობა? სპორტსმენებს რთული რეჟიმი აქვთ, როგორია ამ დროს თქვენი როლი?
–
კალათბურთელის ცოლობა იოლი ნამდვილად არ არის, სპორტსმენებს განსაკუთრებული კვება სჭირდებათ
და სპეციალური რეჟიმი აქვთ. ბექა თითქმის სულ
გასულია, დილით ვარჯიში აქვს, შუადღეს იძინებს,
საღამოს ისევ ვარჯიშზე მიდის, ხან კი შეკრებაზეა ხოლმე წასული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ ვფიქრობ,
სჯობს სპორტსმენი ქმარი გყავდეს და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდეს.
ჩემი
როლი, როგორც მეუღლის და გულშემატკივრის, ძალიან
აქტიურია. ყველა თამაშს ვესწრები, ნებისმიერ
საქმეს გადავდებ ამის გამო და ბექას ყველანაირად ვგულშემატკივრობ. თუმცა ჩემთვის მხოლოდ
მისი რეიტინგი არ არის მნიშვნელოვანი, ამ კატეგორიას არ ვეკუთვნი. მე მხარს ვუჭერ მისი გუნდს და არა მხოლოდ ბექას სტატისტიკას. მთავარია,
მისმა გუნდმა ითამაშოს კარგად და გუნდურად გაიმარჯვოს. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის
სპორტი და კალათბურთი.
– დადიოდით თუ არა ეროვნული
ნაკრების თამაშებზე და რამდენად აქტიური გულშემატკივარი ხართ?
– ნაკრების თამშებზე სულ დავდიოდი, თუმცა წელს სლოვენიაში გარკვეული მიზეზების გამო ვერ წავედი. აქედან ვგულშემატკივრობდი ბიჭებს. მიყვარს ეს სპორტი, ნაკრები კი ჩვენი ქვეყნის კალათბურთის
სახეა. ალბათ უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა,
მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ ნაკრების თამაშით და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ
უფრო გაუმჯობესდება ჩვენი შედეგები.
–
რომელია თქვენი
საყვარელი საკალათბურთო კლუბი და მოთამაშე?
კონკრეტულად
გუნდს ვერ გამოვარჩევ, ზოგადად ნბა ძალიან
მომწონს, ხშირად ვუყურებ და აქტიურად ვარ ჩართული.
მე და ბექას ღამით ბევრჯერ დაგვიყენებია მაღვიძარა, რომ თამაშებისთვის ერთად გვეყურებინა(მოგეხსენებათ
ნბა ჩვენი დროით სულ გვიან იმართება). კალათბურთელებს
რაც შეეხება, ყველაზე მეტად კობი ბრაიანტი მომწონს.
– თუ გითამაშიათ კალათბურთი
და თქვენ რომ კალათბურთელი იყოთ, რომელ პოზიციაზე ითამაშებდით?
სიმაღლე
ხელს მიწყობს და ბავშვობაში ვთამაშობდი კიდეც კალათბურთს, პოზიციას რაც შეეხება, ზოგადად
ყველა პოზიცია მომწონს, მაგრამ გამოვარჩევდი გამთამაშებელს, რომელიც გუნდის ლიდერი
და წამყვანია. მან უნდა წარმართოს გუნდი, დაალაგოს თამაში – ყველაზე საპასუხისმგებლო ფუნქცია მას აკისრია.
– რას ეტყოდით კალათბურთის
გულშემატკივარს?
უნდა
იყვნენ ერთგულები. გუნდი სულ ვერ მოიგებს და
პირიქით, ყოველთვის წაგებულიც არავინაა. ამიტომ ბოლომდე უნდა დაუდგნენ მხარში საყვარელ
გუნდს და მისი ერთგულები დარჩნენ. არასდროს წავალ შუა თამაშიდან, თუნდაც 40 ქულას ვაგებდეთ. ,,არმია” ჩემთვის პირველი გუნდია და მოგების და
წაგების შემთხვევაშიც სულ მისი ერთგული ვიქნები.
კალათბურთში ბევრი რამ გამართლებაზეა დამოკიდებული. გააჩნია, კონკრეტულ მომენტში როგორ წაგივა თამაში. შესაძლოა, შენზე სუსტ გუნდთანაც
კი დამარცხდე.
მაყურებლის
მხარდაჭერა აუცილებელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქომაგობას. უფრო შემართებით და პასუხისმგებლობით ხარ განწყობილი. იმედია, წელს
მოიმატებს გულშემატკივრის რაოდენობა და უფრო მეტი ხალხი მოვა სუპერლიგის მატჩებზე.