მარგვეთმა ოლიმპს მეორედ მოუგო და სერიის გამარჯვებულს მე-5, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს

მარგვეთმა ოლიმპს მეორედ მოუგო და სერიის გამარჯვებულს მე-5, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს

აპლოდისმენტები მარგვეთს! ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, მიხეილ კობეშავიძისა და ვატო თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც პლეი ოფში მე-8 ადგილიდან გავიდა და მეოთხედფინალურ სერიაში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ ოლიმპს შეხვდა, ნახევარფინალის ზღვარზეა. ზესტაფონის გუნდმა სერიაში მეორე მატჩი მოუგო ფავორიტად შერაცხილ მეტოქეს და საერთო ანგარიში გაათანაბრა. ახლა ყველაფერს 1 მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 29 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 17:00 საათზე გაიმართება. ამ მატჩის გამარჯვებული სუპერლიგის ნახევარფინალში გავა.

უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპი შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდა. მართალია, დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილ გუნდს ერთი მოთამაშე აკლდა, თუმცა სწორედ დრუ კუქსჰაუსენია არათუ ოლიმპის, მთლიანად სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი. კუქსჰაუსენის 7-მა, განსაკუთრებით კი ოვერტაიმის ბოლო წამებზე ჩაგდებულმა სამქულიანმა მოაგებინა ოლიმპელებს მარგვეთთან გუშინ გამართული სერიის მე-3 მატჩი.

ამერიკელი სნაიპერის არყოფნაში როგავას გუნდი პერიმეტრიდან იმდენად სახიფათო ვერ იყო. მართალია, ოლიმპმა ამჯერადაც მეტოქეზე მეტი სამქულიანი ჩააგდო (9-7-ზე შეფარებით), თუმცა ფარქვეშ თამაში და განსაკუთრებით სწრაფი შეტევები იყო ის იარაღი, რითაც მარგვეთმა მეტოქეს აჯობა. ოლიმპის ცენტრმა, გიორგი ტურძილაძემ ფარქვეშ ფრთები ვერ გაშალა, მას მარქუს გილსონი საიმედოდ მეურვეობდა, ხოლო ნიკა ჩეჩელაშვილი და ნებისმიერი სხვა მარგვეთელი მუდამ მომართული იყო კონტრშეტევების განსახორციელებლად და ეს საქმე კარგადაც გამოსდიოდათ.

თამაშის მსვლელობა წინა მატჩისას ჰგავდა. მარგვეთი თავიდანვე დაწინაურდა, მეორე პერიოდში 10-ქულიან ლიდერობასაც მიაღწია, თუმცა დიდი შესვენებისთვის ოლიმპმა მოახერხა ჩამორჩენის გვარიანად შემცირება. მარგვეთმა მეორე ნახევარში სტაბილური თამაში განაგრძო. ოთარ ბულიავა ძმასთან, ლუკასთან ერთად ფარქვეშ სამაგალითოდ იბრძოდა და არაერთი ძალიან საჭირო ბურთი მოხსნა, რითაც მარგვეთს განმეორებითი შეტევის საშუალება და შესაბამისად, ქულების მოხვეჭის შანსი უბოძა. შეტევების გამოყენების პროცენტულობა მარგვეთელებმა წინა მატჩთან შედარებით გამოასწორეს, რაც თამაშის შედეგზე აისახა კიდეც.

ბოლო წუთებზე, როცა თამაშის ბედი წყდებოდა, გარდამტეხი გამოდგა ოთარ ბულიავას სამქულიანი, რომელმაც გვარიანად შორი მანძილიდან, შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე, საფინალო სირენამდე 80 წამით ადრე ჩააგდო და მარგვეთი 77:71 დააწინაურა. ამის შემდეგ ბევრი ბურთი ჩავარდა, თუმცა ეს წასაგებად განწირული გუნდის ბოლო იმედის ძიებას ჰგავდა და რეალურად თამაშის ბედზე გავლენა არ მოუხდენია. ზესტაფონის გუნდმა საბოლოოდ 83:78 (სტატისტიკა) იმარჯვა და საქმე სერიის გადამწყვეტ, მე-5 მატჩამდე მიიყვანა.

მარგვეთში 22 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო თარ ბულიავა. 21 ქულა რონი რუსომ მოიხვეჭა, მარქუს გილსონის ანგარიშზე 19 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. ნიკა ჩეჩელაშვილმა გამარჯვებულებს 13 ქულა შესძინა. ოლიმპში 18 ქულით საუკეთესო იყო ვოვა თავაქარაშვილი. ლუკა კალატოზიშვილმა 10 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა ლინტონ ესლაისის ანგარიშზეა.

29 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში, ეს გუნდები მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩს ჩაატარებენ, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.