მარგვეთმა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ოლიმპი 1/4-ფინალიდან გამოთიშა

მარგვეთმა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ოლიმპი 1/4-ფინალიდან გამოთიშა

ზესტაფონის მარგვეთი სუპერლიგის ნახევარფინალშია. ამ უბრალოდ წარმოთქმული წინადადების უკან დგას ნამდვილი სენსაცია: ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა გუნდმა სეზონი პლეი ოფის პირველივე წრეში დაასრულა. საუბარია თბილისის ოლიმპზე, რომელმაც რეგულარულის 20 ტურში მხოლოდ 4 მატჩი წააგო, პირველი ადგილი დაიკავა და პლეი ოფის პირველ წრეში მე-8 ადგილზე, ისიც ძალისძალად გასულ მარგვეთს შეხვდა.

აქვე დავაფიქსიროთ ის ფაქტი, რომ მარგვეთი პლეი ოფში იმიტომ გავიდა, რომ რეგულარულის ბოლო ტურში მისთვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდა სხვა მატჩში. ქუთაისი გურჯაანის დელტას მასპინძლობდა და რომ მოეგო, პლეი ოფში გავიდოდა და მარგვეთისთვის სეზონი დასრულდებოდა. დელტამ ქუთაისში იმარჯვა და მარგვეთი პლეი ოფში გამსვლელ ბოლო, მე-8 საფეხურზე განთავსდა, თუმცა მეოთხედფინალურ სერიაში მეტოქედ რეგულარულის გამარჯვებული ოლიმპი შეხვდა.

დავუბრუნდეთ ამ წერილის პირველ წინადადებას და ცხადი გახდება ის სენსაცია, რაც მის დედაარსში დევს, პლეი ოფში ბოლო წამს გასულმა გუნდმა, სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, გათამაშებიდან ჩემპიონატის უმთავრესი ფავორიტი გამოთიშა. 

ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩი მაშინ დაიწყო, როცა ფილიპინებში, მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. თანაბარ თამაშში, შეხვედრის დასრულებამდე 2,5 წუთით ადრე ოლიმპმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 83:79. 

გადამწყვეტ მომენტში შედეგიანად ითამაშა ოთარ ბულიავამ, რომელმაც 2 საჯარიმო ჩააგდო, შემდეგ ორქულიანიც მიითვალა და როცა ნიკა ჩეჩელაშვილმა დამაწინაურებელი ორიანი ჩააგდო, მატჩის ბოლო წუთზე ჩაჭრაც მიითვალა. მარგვეთმა საბოლოოდ 88:83 (სტატისტიკა) იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. 

მარგვეთში საუკეთესო შედეგი ოთარ ბულიავამ (18 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი) და მარქუს გილსონმა (18 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი) დააფიქსირეს. 20 ქულა მიითვალა ნიკა ჩეჩელაშვილმა. ოლიმპში 19 ქულით საუკეთესო იყო ლინტონ ესლაისი. 16 ქულა და 6 პასი გივი ბაქრაძის ანგარიშზეა. 

მარგვეთს ნახევარფინალში თსუ შეხვდება. სერია 6 მაისს დაიწყება.