სუპერლიგის მე-16 ტური დღეს, რუსთავში პრინციპული მატჩით დაიწყო. ერთმანეთს ჩემპიონატის 2 აუტსაიდერი – რუსთავი და ზესტაფონის მარგვეთი შეხვდნენ. ამ მატჩამდე რუსთავი 1 მოგებით უსწრებდა მარგვეთს, შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში ქვემოქართლელები კონკურენტს 2 ქულით ჩამოიტოვებდნენ, მარგვეთის მდგომარეობა კი ძალიან არასახარბიელო ხდებოდა – ზესტაფონის გუნდი ბოლო ადგილის დაკავებისა და სუპერლიგიდან გავარდნის უპირველესი კანდიდატი ხდებოდა.
მატჩამდე ზესტაფონელთა მენეჯერმა, ვატო თევზაძემ თქვა, ესაა ყოფნა-არყოფნის მატჩიო. მართალია, მარგვეთი მომდევნო ტურიდან საშინაო არენაზე გადადის და მატჩებს ზესტაფონში უმასპინძლებს, თუმცა დარჩენილ 8 მატჩში 2 ქულის გაბათილება მაინც გვარიანად რთული საქმე იქნებოდა. ამიტომაც, ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა მაქსიმალური მობილიზებით ითამაშა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 86:79 (სტატისტიკა).
ზესტაფონელები არ გატყდნენ მაშინაც კი, როცა მთელი სამი პერიოდის განმავლობაში მოლიდერეები ბოლო პერიოდში ჩამორჩნენ. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, როცა თაჯეი თიგის საჯარიმოს შემდეგ რუსთავი 75:68 დაწინაურდა. მარგვეთის მდგომარეობა გამოუვალი ჩანდა, მაგრამ სტუმრებმა დიდებული დასკვნითი 5-წუთეული ითამაშეს. ლუკა ზაქრაძემ ჯერ 3-ქულიანი ჩააგდო, შემდეგ ორიანი, რუსთაველებმა კი თავისი შეტევები გაანიავეს და მარტი ჯექსონმა ზუსტი გარღვევით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 75:76.
ანატოლი ბოისამ წუთშესვენება აიღო და რუსთაველთა დაგეგმილი შეტევა ზესტაფონელებმა ჯარიმით ჩაშალეს. სეთ მაქსველმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და ქვემოქართლელები დასრულებამდე წუთნახევრით ადრე 78:75 დაწინაურდნენ. აქ კი საკვანძო ეპიზოდი გათამაშდა – ზესტაფონელთა სნაიპერმა, მაიკლ მეისმა სამქულიანი ისე ჩააგდო, რომ მასზე მეურვე დავით ლორია დაჯარიმდა. მეისმა ბონუს ქულას ჩააგდო და მარგვეთი დააწინაურა – 79:78.
ფსიქოლოგიური უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა, რომლებმაც დაცვაში ბურთი მოიპოვეს და ტაიშონ კროუფორდმა ზუსტი შეტევით დასრულებამდე 1 წუთთ ადრე ზესტაფონი 81:78 გაალიდერა. სტუმართა ისევ მწყობრი დაცვა და აიზია დაშერმა გარღვევა გააცუდა. რამდენიმე წამში ზესტაფონელთა ფორვარდმა, აკაკი ლომოურმა მატჩში თავისი პირველი ბურთი – სამქულიანი ჩააგდო, რითაც მატჩის ბედი მარგვეთის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გამარჯვებულებს კროუფორდმა 25 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა, რომელმაც ჩაროზად 4 ჩაჭრა გაიფორმა. 14 ქულა მარტი ჯექსონმა, ხოლო 13 მაიკლ მეისმა მიითვალეს. ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე 10 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. რუსთავში 15 ქულით ბომბარდირი ლუკა ბულაშვილი გახდა. აიზია დაშერმა 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
ამ მატჩის შემდეგ რუსთავი და მარგვეთი ცხრილში გათანაბრდნენ – ორივეს 4-4 მოგება და 10-10 მარცხი აქვთ. დაკარგული ქულებით აუტსაიდერთა წყვილის შემდეგ გორის ივერიონი მოდის, რომელსაც 4 მოგება და 8 მარცხი აქვს. ამ ტურის 2 შეხვედრა შაბათს ტყიბულსა და ქუთაისში გაიმართება, ხოლო კვირას თბილისი არენა კიდევ 2 მატჩს უმასპინძლებს.
აკაკი ლომოურის გადამწყვეტი სამქულიანი რუსთაველთა კალათში