ზესტაფონის მარგვეთი ტემპს არ აგდებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი დუდუ დადიანის ფინალში გასვლისა და ქუთაისთან ბოლო წუთებზე წაგების შემდეგ სუპერლიგაში რიხიანად ჩაერთო. პირველი ტურის მატჩში ზესტაფონელებმა გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი კავკასია უშანსოდ დაამარცხეს. მარგვეთმა დალაგებული, პრაგმატული კალათბურთი ითამაშა, რაშიც კავკასია ვერ აჰყვა, თავიდანვე ჩამორჩა და თამაში ისე დასრულდა, მეტოქეს ვეღარ მიუახლოვდა.
მარგვეთმა 21 ქულის სხვაობით – 94:73 (სტატისტიკა) იმარჯვა. პირველი პერიოდის შემდეგ ზესტაფონელები 26:10 იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის სხვაობა 19 ქულამდე გაზარდეს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის წარმატების მიზეზი ძალიან მარტივი იყო. ზესტაფონელთა უკანახაზელები სწრაფად გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე და შეტევის დასამთავრებლად რამდენიმე საიმედო იარაღი ჰქონდათ – შეტევის სწრაფი გარღვევით დაგვირგვინება, ტანმაღალ მეფარეებისთვის ბურთის სამწამიანში მიწოდება, ან პერიმეტრიდან სროლა. სამივე ამ კომპონენტში მარგვეთი მეტოქეს სჯობნიდა. კოჭებშიც და თამაშზეც ეტყობა, რომ ტაიშონ კროუფორდი სუპერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია. უზარმაზარი ტანის ახალგაზრდა მეტად მოქნილი და საკალათბურთო ნიჭიერებით დაჯილდოებულია. შესაბამისად, ბურთებსაც უხვად ხსნის, კალათშიც ათავსებს და დაცვაშიც დიდად საიმედოა.
ამას დაუმატოთ ტანმორჩილი, თუმცა უსწრაფესი და რაც მთავარია, სნაიპერული თვისებებით დაჯილდოებული მაიკლ მეისი, რომელმაც დუდუ დადიანის მემორიალზე 25.8 ქულას, 5.5 მოხსნას და 3.5 პასს ისე ითვლიდა, რომ მატჩში საშუალოდ 3.8 სამიანს აგდებდა. დღევანდელ მატჩში მეისმა კავკასიას 3 სამიანი ჩაუგდო, თუმცა ესეც საკმარისი იყო. თითქმის შეუჩერებელი იყო ლუკა ზაქრაძე, რომელიც კარიერის ზენიტშია და რაც მარგვეთს შეუერთდა, მხოლოდ დადებითის კუთხით თუ შევაფასებთ.
მთლიანობაში, მარგვეთის უპირატესობა აშკარა იყო და ზესტაფონელებმაც დამაჯერებლად, დამსახურებულად გაიმარჯვეს. მარგვეთი საშინაო მატჩებს ზესტაფონში ჯერ ვერ ატარებს. დარბაზის ტექნიკური მხარე ახალ წლამდე უნდა მოწესრიგდეს და სავარაუდოდ, მეორე წრიდან მარგვეთი თამაშებს ზესტაფონში უმასპინძლებს.
დღევანდელი მატჩის ლიდერებიდან ზაქრაძის მონაგარია გამოსარჩევი – 31 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა. ტაიშონ კროუფორდმა 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 20 ქულა მაიკლ მეისის ანგარიშზეა, ხოლო ირაკლი სულხანიშვილმა შეხვედრა 11 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. კავკასიაში 21 ქულით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი. 16 ქულა ილია ლონდარიძემ, ხოლო 15 – ლენელ ჰენრიმ მიითვალა.
სუპერლიგის პირველი ტურის დღეს გასამართი მატჩი თსუ-სა და გორის ივერიონს შორის გადაიდო და სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ჩატარდება. მიზეზი თსუ-ს ევროთასებზე მონაწილეობაა, რომელიც ხვალ გერმანიაში, ფიბა ევროპის თასის მატჩის სათამაშოდ მიემგზავრება. პირველი ტურის დარჩენილი 1 მატჩი ხვალ, 16 ოქტომბერს, გურჯაანში გაიმართება, სადაც დელტა ბათუმს უმასპინძლებს.