შედეგები გალერეასუპერლიგის მე-12 ტური დღეს თბილისსა და ბათუმში ძალიან
დაძაბული მატჩებით დაიწყო. დედაქალაქშიც და აჭარაშიც გამარჯვებული ძირითად დროში ვერ
გამოვლინდა. ორივეგან დამატებითი ხუთწუთეულის განიშვნა გახდა საჭირო.
განსაკუთრების გამოსარჩევია ბათუმური მატჩი, რადგან
დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერ აჭარულ გუნდს ბოლო ადგილზე მყოფი, მხოლოდ 1 გამარჯვების
მომპოვებელი „აკადემია“ ესტუმრა და მორის ბრიგსის ფენომენალური თამაშის წყალობით
98:95 იმარჯვა. ამ შედეგით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ჭეშმარიტება, რომ სუპერლიგაში
ლიდერები და აუტსაიდერები არ არიან. ყველა გუნდ შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება
და ფაქტიც სახეზეა: ბოლოადგილოსანმა ლიდერს მისსავე სტუმრად სძლია.
პირველი პერიოდი რომ მოიგო (24:21), მას შემდეგ ბათუმელები
ჩამორჩნენ და მდევრის როლში იყვნენ. შესანიშნავად ირჯებოდა მორის ბრიგსი, რომელიც საბოლოოდ
40 ქულით მატჩის გმირი და სუპერლიგის ახალი რეკორდსმენი გახდა. აქამდე გამართულ 11
ტურში ყველაზე მეტი, 31 ქულა დინამოელ გიორგი შარაბიძეს ჰქონდა მოგროვებული.
ბათუმური მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 84:84 დასრულდა,
დამატებით 5-წუთეულში კი აკადემიელებმა იძალეს. ბრიგსის წინამძღოლობით 92:84 დაწინაურდნენ,
თუმცა ბათუმელებმა მაინც მოახერხეს გათანაბრება – 92:92. ბოლო წუთებზე აკადემიელებმა
მეტი მობილიზება გამოავლინეს, ბრიგსის 2-მა საჯარიმომ კი გელა წულაძის გაწვრთნილი თბილისელები
98:95 დააწინაურა და … ბესო ლეჟავამ გამთანაბრებელი სამქულიანი რომ ააცილა, შეხვედრა
„აკადემიის“ გამარჯვებით დასრულდა.
ბრიგსს გვერდში ეგდა კანადელი ემერსონ მიურეი, რომელმაც
შეხვედრა 19 ქულით დაასრულა. ვლადიმერ კრისევიჩმა შეხვედრა 11 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა.
ბათუმელთაგან 5-მა მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 20 ქულით უკრაინელი
ლეონიდ სტეპანიშინი გამოირჩა.
თბილისურ მატჩში, რომელშიც „ოლიმპი“ „ქუთაისს“ დაუპირისპირდა,
რამდენჯერმე იყო მომენტი, როცა ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა და თითქოს თამაშის
ბედიც გადაწყდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დამატებით დრომდე მივიდა.
ქუთაისელებმა შეხვედრა სწრაფად და რაც მთავარია, შედეგიანად
დაიწყეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და სტუმრები 22:7 დაწინაურდნენ, საწყისი პერიოდი
კი 24:12 მოიგეს. რევაზ დიდიას, სერჰი ალფიოროვისა და ნუგზარ აბულაძის შედეგიანობით
ოლიმელებმა ჩამორჩენა თამაშის განახლებიდან მალევე აღმოფხვრეს – მეორე პერიოდის მესამე
წუთზე ანგარიში 27:27 გახდა, რის შემდეგაც ისევ ქუთაისელების ჯერი დადგა და…
ანატოლი ბოისას, გოგა ცეკვავას და ბექა ბექაურის შედეგიანობამ
იმერულ კლუბს დიდი შესვენებისთვის 15-ქულიანი ლიდერობა მოუტანა (49:35), ხოლო მესამე
პერიოდის მესამე წუთისთვის ამავე მოთამაშეების მექულეობით „ქუთაისმა“ გამარჯვების ტოლფასი,
23-ქულიანი უპირატესბა მოიპოვა – 57:34. ამის შემდეგ ისევ „ოლიმპის“ ჯერი დადგა და
ჯერემი ბაინამის შედეგიანობას მესამე პერიოდის ბოლო წამზე ნუგზარ აბულაძის სამქულიანიც
დაერთო და … ბოლო პერიოდის დაწყებამდე ოლიმპელებმა 23 ქულიანი ჩამორჩენა 4-ამდე შეკვეცეს
– 59:63.
ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა წავიდა. ბოლო წუთებზე
ხან ერთი გუნდი გავიდოდა წინ, ხან მეორე. რევაზ როგავას ზუსტი საჯარიმოებით „ოლიმპი“
79:78 დაწინაურდა და თბილისელებმა დაცვაში ბურთი რომ მოიპოვეს, ძირითადი დროის დასრულებამდე
30 წამირჩებოდა. მწვრთნელის დავალება მარტივი იყო: ბურთი შეტევისთვის გამოყოფილი
24 წამის განმავლობაში ბოლომდე გაეთამაშებინათ და ბოლო წამზე შეეტიათ. ოლიმპელებმა
დავაება ვერ შეასრულეს, რომლებმაც 3 წამით ადრე შეუტიეს და ქულით ჩამორჩენილ ქუთაისელებს
შესატევად 9 წამი დარჩათ.
„დიდი შეცდომა იყო, როცა ძირითადი დროის ბოლო წამებზე
შეტევაში ბურთი ბოლომდე არ გავათამაშეთ და ჩვენებმა რამდენიმე წამით ადრე შეუტიეს.
ამით მეტოქეს შედარებით მეტი დრო დარჩა და ამან თამაშზე გავლენა იქონია“ – იტვის მატჩის
შემდეგ დამარცხებული „ოლიმპის“ მწვრთნელი გია კაზანჯიანი და ძნელია, არ დაეთანხმო.
ოლიმპელებმა ძირითადის ბოლო შეტევა ააცილეს და ქუთაისელებმა დარჩენილ 9 წამში ბურთი
მეტოქის საჯარიმომდე მიიტანეს და ფარქვეშ თავისიანი ბექა ბექაური მოძენეს, რომელსაც
ჩაგდება ლევან მასხულიამ არ დააცალა და დასრულებამდე 0.6 წამით ადრე დაჯარიმდა.
ბექაურმა პირველი საჯარიმო ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა,
თუმცა მეორე ააცილა და შეხვედრის ძირითადი დრო 79:79 დასრულდა. დამატებით ხუთწუთეულში
კი ქუთაისელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 2,5 წუთის შემდეგ 88:79 დაწინაურდნენ,
რითაც მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს.
გამარჯვებულებს 21 ქულითა და 17 მოხსნით ბექაურმა ულიდერა.
19 ქულა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, რომელიც ოვეტრაიმის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე
იყო. 14 ქულა და 9 მოხსნა გოგა ცეკვავას ანგარიშზეა. „ოლიმპში“ 21 ქულით საუკეთესო
იყო ჯერემი ბაინამი, 14 ქულა მილან ოლუიჩის ანგარიშზეა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ
უკანასკნელმა 14-დან მხოლოდ 6 საჯარიმო ჩააგდო.
ოლიმპი – ქუთაისი 86:96
გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი: „ამ მატჩისთვის ვემზადებოდით, აქცენტი სწრაფ თამაშზე
გვქონდა გაკეთებული, თუმცა პირველი მეოთხედის ჩაგდებამ ძალიან იმოქმედა. მიუხედავად
იმის, რომ შემდეგ წინაც გავედით, გადამწყვეტ მომენტებში შეცდომები დავუშვით, რომელთაგან
ძირითადი დროის ბოლო წამებს გამოვყოფდი. ჩვენებს რომ არ ეჩქარათ, მეტოქეს ნაკლები დრო
დარჩებოდა შესატევად და ანგარიშს ვეღარ გაგვითანაბრებდა. ოვერტაიმში დაიღალნენ ჩვენი
მოთამაშეები და თითქმის უშანსოდ წავაგეთ“.
კოტე ტუღუში, „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი: „შეიძლება მაყურებელმა ისიამოვნა
ასეთი დაძაბული თამაშით, მაგრამ მე არა. პირადად მე არ მინახავს, რომ გუნდს ამხელა
ლიდერობა გაენიავებინოს, მაგრამ საბოლოოდ მოვიგეთ და ესაა მთავარი. ჩვენს გუნდს გარკვეული
პრობლემები აქვს, რაც იმითაცაა გამოწვეული, რომ მე 1 კვირა საქართველოში არ ვიმყოფებოდი
და გუნდი არ მივარჯიშებია. ნელ-ნელა კალაპოტს დავუბრუნდებით და მომავალ მატჩებს მეტი
მობილიზებით შევხვდებით“.
ბათუმი – აკადემია 95:98
დავით უსტიაშვილი, „ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი: „საკმაოდ
დაძაბული შეხვედრა გამოვიდა და აკადემიის მხრიდან ასეც ველოდით, ვერ ვითამაშეთ დაცვაში
და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ქულა-ქულაში მივყვებოდით, მაინც წავაგეთ. აკადემიამ
დამსახურებულად გაიმარჯვა.“
გელა წულაძე, „აკადემიის“ მთავარი მწვრთნელი: ბიჭებმა
ყველაფერი შეასრულეს რაც ჩემგან დავალებული ჰქონდათ და დიდი ბრძოლის შემდეგ გავიმარჯვეთ.
ბიჭების მადლობელი ვარ.“