მე-3 ადგილის მფლობელი რუსთავი გახდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

მე-3 ადგილის მფლობელი რუსთავი გახდა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ სუპერლიგის მე-3 ადგილის
მფლობელია. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა ბრინჯაოს სერიის მეორე
მატჩი ბათუმში მოიგეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრინჯაოს მედლები კალათბურთის
ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, ალეკო პეტრიაშვილისგან
ჩაიბარეს.

რუსთაველებმა სერიის პირველი მატჩი 2 დღის წინ შინაურ
დარბაზში მოიგეს. ბერუაშვილის გუნდმა ზღვისპირელებს 102:88 სძლია, დღეს გამართული მეორე
მატჩი კი ბათუმში 86:76 მოიგო და სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა.

მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი
თამაში მიდიოდა. ბათუმელები მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ მოტივირებულ სტუმრებს და თამაშის
მანძილზე მცირედით ჩამორჩენილებმა ბოლო მეოთხედში ანგარიშიც გაათანაბრეს. მოკლე სათადარიგთა
სკამის გამო ბათუმელები გადაიღალნენ, რუსთაველები კი პირიქით, გადამწყვეტ წუთებს მეტი
მობილიზებით შეხვდნენ და გამარჯვებაც დაიმსახურეს.

„რუსთავს“ 18-18 ქულა-მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა.
16 ქულა მიითვალა ტერენს ოგლზბიმ, ლევან ცეკვავამ კი შეხვედრა ორმაგი დუბლით – 13 ქულით
და 10 პასით დაასრულა. ბათუმელთაგან კრის ფელჩერი გამოირჩა, რომელმაც 21 ქულა და
16 მოხსნა მიითვალა.
ბათუმი – რუსთავი    76:86
მიხეილ ბერუაშვილი,
„რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„მოხარულები ვართ, რომ სეზონი საპრიზო ადგილზე დავასრულეთ.
გუნდი ოთხეულში შევიდა და მესამე ადგილისთვის სერიაშიც საკმაოდ ძლიერი გუნდი დავამარცხეთ.
ბათუმელებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. დღევანდელ მატჩში ყველაფერი ბოლო წუთებზე
გადაწყდა. ბიჭებს მადლობა, რომ ბოლომდე იბრძოლეს და მესამე ადგილი ბათუმშივე მოვიპოვეთ“.
დავით უსტიაშვილი,
„ბათუმის“ მთავარი მწვრთნელი:

„ოთხეულში რომ შევედით, კარგი შედეგია და დასანანი ისაა,
რომ რომ არა ტრავმიანობა, მეტის მიღწევა შეიძლებოდა. სათადარიგო კალათბურთელები გვაკლდა,
ლეგიონერებს თითქმის შეუცვლელად უწევდათ თამაში. მეოთხედფინალში „ქუთაისთან“ ბრძოლას
დიდი ძალები შევალიეთ და ნახევარფინალში გავედით, სადაც „შსს-აკადემიის“ ბარიერი ვეღარ
გადავლახეთ. მადლობა ჩემი გუნდის ყველა წევრს, ბიჭებმა და გუნდის ხელმძღვანელობამ ყველაფერი
გააკეთეს, რომ მაქსიმალური შედეგისთვის მიგვეღწია.