მე-3 პერიოდში 20 ქულით ჩამორჩენილმა თსუ-მ კაკტუსს მაინც სძლია

მე-3 პერიოდში 20 ქულით ჩამორჩენილმა თსუ-მ კაკტუსს მაინც სძლია

სუპერლიგის ლიდერმა ერთ-ერთი აუტსაიდერი დაამარცხა და თავად პირველობა გაიმყარა, მეტოქეს კი ფაქტობრივად გადათამაშებაში თამაში გადაუწყვიტა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელიც მესამე პერიოდში მთელი 20 ქულით აგებდა “კაკტუსთან”, საბოლოოდ 89:84 (სტატისტიკა) იმარჯვა და თან ისე, ბოლო წუთებზე სანერვიულო არაფერი ჰქონია. 

თსუ-მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სუპერლიგის ღირსეული ლიდერია და მხოლოდ უმაღლესი შედეგებისთვის იბრძვის. პირველი პერიოდის 18 ქულით (30:48) წაგების შემდეგ, მესამე პერიოდის დასაწყისში თსუ 20 ქულითაც ჩამორჩა, მაგრამ არც მის მწვრთნელს და არც მოთამაშეებს პანიკა, მით უმეტეს, უიმედობა არ დასტყობიათ. დიდ შესვენებაზე თსუ-ს სამწვრთნელო შტაბმა ტაქტიკა შეცვალა, კალათბურთელები დინჯად დაბრუნდნენ მოედანზე და ხელი თამაშის შეობრუნებას მიჰყვეს.

სტაბილურმა დაცვამ უნივერსიტეტელებს შეტევაშიც გზა გაუხსნა და ანგარიშში სხვაობამ კლება იწყო. ლოველ ქაბილმა, ნიკოლოზ დარბაიძემ, მიხეილ ბერიშვილმა და სხვა თსუ-ელებმა ზუსტი მიზანი და მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და მე-3 პერიოდის 29:16 მოგებით ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს.

“კაკტუსის” მწვრთნელის წუთშესვენებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ-ელები მეოთხე პერიოდში შეუჩერებელნი იყვნენ და თამაშის განახლებიდან მალევე თსუ-მ მატჩში პირველად ლიდერობა მოიპოვა – 69:67. მალე უნივერსიტეტელთა ლიდერობამ 9 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გაირკვა. 

გამარჯვებულებს 37 ქულით ლოველ ქაბილმა ულიდერა, რომელმაც მიმდინარე სეზონში დინამოელი ბენჯამინ ქოლეჯის რეკორდი გაიმეორა. 16 ქულა ნიკოლო დარბაიძემ მოაგროვა, რაილ ოუენსის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. კაკტუსში 26 ქულით ბომბარდირი გახდა ჯორდან ფორბსი, 21 ქულა და 11 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა მიითვალა, საუკეთესო შედეგიანობა კი რევაზ როგავამ დააფიქსირა: 14 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. 

“კაკტუსს” მხოლოდ 1 მატჩი დარჩა რეგულარულ ჩემპიონატში. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილ გუნდს 6 მოგება და 13 მარცხი აქვს. მის უმთავრეს კონკურენტ “რუსთავსაც” 6 მოგება აქვს, თუმცა ქვემოქართლელებს 3 მატჩი აქვთ დარჩენილი.