პირველი ნახევრის ბოლო წამებზე თსუ 43:37 უგებდა “ცხუმ-აფხაზეთს”. პერიოდის საფინალო სირენის თანხლებით ჯოშუა მაკფოლმა სამქულიანი ჩააგდო და ცხუმელების ჩამორჩენა დიდი შესვენებისთვის 3 ქულამდე შეამცირა – 40:43. შესვენებიდან დაბრუნებულმა მაკფოლმა მესამე პერიოდში 17 ქულა ჩააგდო. აქედან 12 ქულა 4 სამქულიანით აღნიშნული პერიოდის ბოლო სამ წუთში მოინაგრა, რითაც ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ წელში გატეხა.
მესამე პერიოდი ცხუმ-აფხაზეთმა 35:19 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 13 ქულით გალიდერდა. ბოლო პერიოდში ჯოშუა მაკფოლმა მხოლოდ 1 ქულა ჩააგდო, მაგრამ მას თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ცხუმ-აფხაზეთი ის გუნდი არაა, რომ ბოლო პერიოდში 13-ქულიანი უპირატესობა გაფლანგოს. ცხუმელები სუპერლიგაში ბრძოლისუნარიანობით სამაგალითონი არიან და როცა თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდეს, თამაშის ბედიც გადაწყდა. მართალია, თსუ-ც საკმაოდ მებრძოლი გუნდია და ბოლო მომენტამდე ეცადა თამაშის გადარჩენას, მაგრამ მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა და საბოლოოდ 10 ქულით – 84:94 (სტატისტიკა) დამარცხდა.
ცხუმელების გმირმა, ჯოშუა მაკფოლმა მთლიანობაში 28 ქულა დააგროვა. საუკეთესო შედეგიანობა კი ალექსანდრე ფევაძემ დააფიქსირა, რომელმაც 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 18 ქულა რაჰიმ ჯონსონმა, ხოლო 17 – გიორგი შარაბიძემ მიითვალეს. თსუ-ში 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ქუენტინ დავმა მიითვალა. საუკეთესო სარგებლიანობის ინდექსი კი მიხეილ ჭოჭუამ დააფიქსირა: 19 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა.
ეს გახლდათ ცხუმ-აფხაზეთის მიჯრით მე-3 გამარჯვება და მანამდე ბოლოსწინა ადგილამდე დაშვებული გუნდი დღეს ცხრილში მე-5 ადგილზეა. რაც შეეხება თსუ-ს, უნივერსიტეტელებმა მეორე წრის 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგეს და ერთხანს მესამე ადგილზე მყოფებს, პლეი ოფში გასვლა სათუო გაუხდათ. თსუ-ს 1 მატჩი აქვს დარჩენილი და ჯერ უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს. ყველაფერი დანარჩენ გუნდებზეა დამოკიდებული, რომელთა უმეტესობასაც რეგულარულში 3 მატჩი აქვთ დარჩენილი.