ქუთაiსში სუპერლიგის მე-4 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდები – ქუთაისი და თსუ შეხვდნენ. მატჩი 4 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თსუ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობის გამო დროში ვერ ჩაეტია და სუპერლიგის ხელმძღვანელობამ თამაში სადღეისოდ გადმოიტანა.
მიუხედავად ქუთაისელთა ბოლო 3 მატჩში დამარცხებისა, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი იმერული კლუბი მეტოქეზე ნაკლებ ფავორიტად არ მიიჩნეოდა. ქუთაისელებს შემადგენლობიდან გამომდინარე დიდი პოტენციალი აქვთ და დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერ მეტოქესთან დაგეგმილი გამარჯვებაც სისრულეში მოიყვანეს. ქუთაისმა გაიმარჯვა, ბოლო მატჩებში გაუარესებული სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და საჩემპიონო ამბიციის ქონაც დაადასტურა.
თავის მხრივ, თსუ-მ ამ სეზონში მეორედ წააგო ქუთაისთან. პირველი შერკინება დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალში შედგა, რომელშიც ქუთაისელებმა 81:77 იმარჯვეს. დღესაც დაახლოებით ეს ანგარიში დაფიქსირდა – ქუთაისელებმა ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი უნივერსიტეტელები 83:78 (სტატისტიკა) დაამარცხეს.
მატჩში თანაბრად დაიწყო. სანამ ქუთაისი საკუთარ თამაშს იპოვიდა, თსუ დაწინაურდა. გიორგი ტურძილაძე მასპინძელთა საჯარიმოში აქტიურობდა, ნახევარკაუჭებს კარგად იყენებდა, გიორგი ცინცაძეც შედეგიანად ირჯებოდა და პერიოდის მიწურულს თსუ 22:18 დაწინაურდა. ბოლო წუთზე აკაკი დვალიშვილის საჯარიმოებითა და მიხეილ ბერიშვილის 2-ქულიანით ქუთაისმა ანგარიში გაათანაბრა და პერიოდიც 22:22 დასრულდა.
მეორე ათწუთეულში ქუთაისმა თამაში დაალაგა. დაცვა გაამაგრა, ფარქვეშ პოზიციები გაიმყარა, რაც დვალიშვილი-გიორგი კორსანტიას დიდი დამსახურება იყო. საიმედოდ თამაშობდა მასპინძელთა უკანა ხაზიც. ბურთის გათამაშებასთან და მაღლების სამწამიანში მომარაგებასთან ერთად უკანახაზელები ბურთებსაც აგდებდნენ და ტუღუშის გუნდმა გაქცევა მოაწყო. დიდ შესვენებამდე ქუთაისელებმა ლიდერობა 12 ქულამდე გაზარდეს და თსუ მარცხის წინაშე დადგა.
მესამე პერიოდში თსუ-მ მოახერხა თამაშში დაბრუნება, რაც სტაბილური დაცვის შედეგი იყო. უნივერსიტეტელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეკვეცეს და ქუთაისს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა. ბოლო პერიოდი კატა-თაგვობანას დაემსგავსა. ქუთაისი მცირე ლიდერობას კბილებით ინარჩუნებდა და სხვაობა მთელი 5-6 წუთის მანძილზე 2-4 ქულას არ სცდებოდა.
ასე მივიდა თამაში 38-ე წუთამდე და როცა დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა, კვანძი გაიხსნა. 2 ქულით მოლიდერე ქუთაისის ფორვარდმა, ნომინალურმა მეფარე გიორგი კორსანტიამ სამქულიანი ჩააგდო. ასეთ მჭიდრო თამაშში 5-ქულიანი ლიდერობა უკვე ბევრს ნიშნავდა და ქუთაისს მოგების გასაფორმებლად მეტოქის შეტევის “აღება” და თავისი შეტევის შედეგიანად დაგვირგვინება მართებდა. ასეც მოხდა. კახა ჯინჭარაძის სამქულიანი მიზანს ვერ მისწვდა და აკაკი დვალიშვილმა ქუთაისელთა შეტევა ზუსტი ორქულიანით დაასრულა და საქმეც მოთავდა: მასპინძლები 7 ქულით დაწინაურდნენ, თამაშის დასრულებამდე კი წუთნახევარი რჩებოდა.
ასეთ უპირატესობას რომ შინ მოთამაშე კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი ხელიდან არ გაუშვებდა, ცხადი იყო და ასეც მოხდა. იმერულმა კლუბმა საქმე გამარჯვებამდე გართულებების გარეშე მიიყვანა და ლიდერის ძლევით მიჯრით განცდილი გასული 3 მარცხი ერთიანად გადაფარა.
ქუთაისში გამორჩეული მექულე, ან ლიდერი არ ყოფილა. 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, თუმცა 15-ს ვერც ერთმა ვერ მიაღწია. ბომბარდირი 14 ქულით კორსანტია გახდა, რომელმაც 7 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. 13 ქულა და 6 მოხსნა დეტრეკ ბრანინგის ანგარიშზეა. აკაკი დვალიშვილისა და გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე კი 11-11 ქულა დაგროვდა. თსუ-ში 23 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრე ფევაძე. 17 ქულა გიორგი ცინცაძემ მიითვალა, 10-10 ქულა გიორგი ტურძილაძისა და ტარი ბოიკინის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მორიგი, მე-10 ტური 15 და 16 დეკემბერს გაიმართება.