მე-5 ტური ქუთაისის და დელტას გასვლითი გამარჯვებებით დაიწყო

მე-5 ტური ქუთაისის და დელტას გასვლითი გამარჯვებებით დაიწყო

სუპერლიგის მე-5 ტური დღეს, ქუვემო ქართლსა და აჭარაში 2 მატჩით დაიწყო. ბათუმში ადგილობრივმა გუნდმა თბილისის “დელტას” უმასპინძლა და 85:69 დამარცხდა, ხოლო რუსთავს “ქუთაისი” ესტუმრა დაძაბულ ბრძოლაში – 94:87 იმარჯვა.

რუსთაველებმა 2 ამერიკელი ლეგიონერი გაუშვეს, სანაცვლოდ კი 3 უცხოელი დაიმატეს, რომლებმაც გუნდი საგრძნობლად გააძლიერეს და დღევანდელ მატჩში სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს დიდი ბრძოლა გაუმართეს. იმერულმა კლუბმა შეხვედრა მძლავრად დაიწყო და პირველივე პერიოდი დამაჯერებელი სხვაობით – 29:18 მოიგეს. 

ქუთაისელების წარმატებული თამაშის მთავარი იარაღი სამქულიანი სროლები იყო. პირველ ნახევარში სტუმრებმა 12 სამქულიანი ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 60:42. ვითარება ბოლო პერიოდამდე არ შეცვლილა. სტუმრები ხელჩასაჭიდ უპირატესობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა რუსთაველთა ლეგიონერების – ისააკ ბენქსის, დარილ ბრაიანტის და კენდარიუს ჰამილტონის შედეგიანობით “რუსთავმა” ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. 

მატჩის დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა და მასპინძლებს წარმატების შანსი გაუჩნდათ, თუმცა ქუთაისელმა დავით ლომიძემ სამქულიანით რუსთაველებს იმედი გადაუწურა. იმერულმა კლუბმა 7 ქულით გაიმარჯვა და მინიმუმ 1 დღით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ქუთაისელებს 19 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა. 16 ქულა გიორგი ბარბაქაძემ მიითვალა, ხოლო აკაკი ლომოურაისა და დეჟუან რაიტის ანგარიშზე 15-15 ქულა დაგროვდა.  “რუსთავში” 26 ქულით საუკეთესო იყო დერილ ბრაიანტი. 15-15 ქულა კენდარიუს ჰამილტონმა და ისააკ ბენქსმა მოაგროვეს. ამ უკანასკნელს 13 მოხსნაც დაუგროვდა.

რუსთავი – ქუთაისი
სტატისტიკა: 87:94

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“როგორც იცით 2 უცხოელი გავუშვით და 3 ჩამოვიყვანეთ, რომელთაგან 2 ახალწვეული 2 დღეა, რაც შემოგვიერთდა. მათ გუნდთან ბოლომდე ვერ გაიარეს დაცვითი სისტემები. მიუხედავად ამისა, პირველ ნახევარში რომ ნაკლები შეცდომები დაგვეშვა, შესაძლებელი იქნებოდა ამ მატჩის მოგება. გავაანალიზებთ შეცდომებს, ახალწვეულები შეთამაშდებიან გუნდთან და იმედი გვაქვს, შემდეგ მატჩებში უკეთეს სასურველ შედეგებს მივაღწევთ”.

კოტე ტუღუში, “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:
“როგორც ყოველთვის, რუსთავში თამაში რთულია და ჩვენც ვემზადებოდით ამ მატჩისთვის, მით უფრო, რომ მეტოქეს ახალი ლეგიონერები ჰყავდა და საკმაოდ გაძლიერებული გახლდათ. ჩვენ გვაკლდა ლევან ფაცაცია, რის გამო როტაციის პრობლემა შეგვექმნა და გუნდის წევრები გადაიღალნენ. ბოლომდე ვერ დავიჭირთ თამაში და მასპინძლებს რომ შანსი გაუჩნდათ, ეს ქომაგების დამსახურებაც გახლდათ. საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღიეთ და მნიშვნელოვანი 2 ქულა ავიღეთ”. 

ბათუმი – დელტა
სტატისტიკა: 69:85